საქართველოს საგარეო პოლიტიკის არჩევანი: სვლა დასავლეთისაკენ

დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მიჯნაზეა. საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. სულ მალე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოეწერება ხელი, რომელიც საქართველოს მომავალი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად იქცევა. ასევე ახალ ფაზაში უნდა შევიდეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები, რაც ნატოს მომავალი სამიტის გადაწყვეტილებით იქნება მნიშვნელოვანწილად განპირობებული.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოს წინაშე ურთულესი ამოცანები იდგა: საჭირო იყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. უაღრესად რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რასაც თან ერთვოდა რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტები და ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, საქართველომ თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთა და სტაბილურად აიღო პროდასავლური კურსი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების ეს კურსი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პირველივე დღეებიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მე-20 საუკუნის დასასრულს კი არა, არამედ გაცილებით ადრე შეუდგა, საქართველოს მმართველი ელიტის ორიენტირს ყოველთვის დასავლეთი წარმოადგენდა. ისტორიული ქარტეხილებისა და საქართველოს რთული წარსულის განმავლობაში საქართველოს დასავლური ორიენტაცია ის ღერძი იყო, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე არსებობა განაპირობა.

ამ სტატიაში ყურადღებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების გაანალიზებაზე გავამახვილებთ.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის თეორიული ასპექტები

თანამედროვე ეტაპზე, როცა მსოფლიო სულ უფრო და უფრო გლობალური ხდება, შეუძლებელია რომელიმე ქვეყანა აქტიური საერთაშორისო ურთიერთობების გარეშე წარმოვიდგინოთ. თანამედროვე საქართველო აქტიურად ცდილობს, განსაზღვროს თავისი როლი და ადგილი საერთაშორისო სისტემაში, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიები მეტად ცვალებადია.

დღეს საერთაშორისო სისტემა გლობალიზაციის ტენდენციების გაძლიერებით ხასიათდება. გლობალიზაციის პროცესმა განვითარების ახალ საფეხურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია, როცა ქვეყნებს შორის გეოგრაფიულმა დაშორებამ თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა და განსაკუთრებით გაძლიერდა მე-20 საუკუნის მიწურულს, როცა სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების წყალობით ქვეყანათა ურთიერთკავშირი საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, ინფორმაციის, იდეების, ხალხის, გარემოსა და ბიოლოგიური სუბსტანციების ინტენსიური მოძრაობის წყალობით არნახულად გაძლიერდა.

გლობალიზაციის პროცესი ხშირად რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარების ხარჯზე მიმდინარეობს. თავისი არსით გლობალიზაცია ინტეგრაციის პროცესის ხარისხობრივ გაღრმავებას, ფუნქციონალურ გაძლიერებას და განვითარების ტერიტორიული განზომილების შემცირებას წარმოადგენს. ახალი რეგიონალიზმი, საკმაოდ განსხვავდება მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში მიმდინარე რეგიონული ინტეგრაციისაგან. იგი პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს თანაბრად მოიცავს და გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თავისუფალი ვაჭრობა.

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ამ პროცესებში მეტ-ნაკლები ინტესიურობით საქართველოც ჩართულია. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანა ქვეყნის სტაბილურ და უსაფრთხო გარემოში განვითარებაა. ამ ამოცანის მიღწევისათვის საქართველომ ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება აირჩია.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დასავლეთთან საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის მომავალი განვითარების თვალსაზრისით. პრაქტიკაში საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია ევროპულ და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში თანმიმდევრულ ინტეგრაციაში აისახა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საქართველომ აქტიური ურთიერთობები დაიწყო ნატოსა და ევროკავშირთან, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიოში და ეროვნული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები. დასავლეთთან ეს ურთიერთობები პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს ეხება და ყველა ამ სფეროში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურება.

პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, საქართველოს ამ არჩევანს წმინდა პრაგმატული საფუძველიც გააჩნია. მხედველობაშია მისაღები ის ეკონომიკური სარგებლიანობაც, რაც დასავლეთთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების საშუალებით შეიძლება მიიღოს ქვეყანამ.

 

საქართველო და ევროკავშირი

ევროკავშირი წარმატებული რეგიონული ინტეგრაციული კავშირის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომელმაც დიდი ხანია, ეკონომიკური განზომილების გარდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. როგორც წესი, ევროკავშირი მასთან დაახლოების მსურველ ქვეყნებს მის მიერ აღიარებული ფასეულობების პატივისცემისა და დაცვისაკენ მოუწოდებს. გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველო სრულად იზიარებს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, თავისუფლება და უსაფრთხოება, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა.

სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80% დასავლეთთან დაახლოებისა და ინტეგრაცის მომხრეა. საქართველოში დასავლეთისაკენ სწრაფვა პროგრესთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება. ეს მხოლოდ ასოციაცია არ არის. საქართველოში მიმდინარე რეფორმების საბოლოო მიზანი სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა, რომელმაც მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონე უნდა უზრუნველყოს.

საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო, როცა ევროკავშირმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო. რამდენიმე წლის შემდეგ კი, 1996 წელს, ხელი მოეწერა ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (Partnership and Cooperation agrement – PCA), რომელიც ძალაში 1999 წელს შევიდა და რომელმაც თანამშრომლობის ინსტიტუციური და სამართლებრივი საფუძვლები შექმნა.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგისათვის სხვადასხვა წლებში შეიქმნა ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა თანამშრომლობის საბჭო, საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი, დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, თანამშრომლობის კომიტეტი და ქვეკომიტეტები, რომელთა სხდომები ყოველწლიურად ტარდება. ქვეკომიტეტები შექმნილია, ფაქტობრივად, ყველა საკითხზე, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე; სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე; ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის საკითხებზე; დასაქმებისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ჯანდაცვის, ტრენინგების, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოებისა და აუდიოვიზუალური პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირთან სამართლებრივი ჰარმონიზაციის მიღწევის მიზნით საქართველომ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის შექმნისა და განვითარების, აგრეთვე, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

2006 წლიდან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საქართველომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის საფუძველზე გააგრძელა. 2009 წლიდან კი ევროკავშირის ინიციატივის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში შემოთავაზებული ახალი მექანიზმებისა და ფორმატების საშუალებით საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო გარღმავდა.

ეს ინიციატივა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლა იყო. ინიციატივამ მეტი კონკრეტულობა შესძინა თანამშრომლობას და მკაფიო მიზნები – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური თავსებადობა – დასახა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეფორმირების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 1992-2006 წწ. სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საქართველოს მიერ ათვისებულ იქნა 505.9 მლნ ევრო. დახმარება კიდევ უფრო გაიზარდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორცილების პერიოდში და 2007-2013 წწ. 300 მლნ. ევრო შეადგინა. ეს რიცხობრივი მაჩვენებლები ცხადად მოწმობს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც ევროინტეგრაციის დღის წესრიგით იყო ნაკარნახევი, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 2014-2020 წლებისათვის მოსალოდნელია ევროკავშირის დახმარების კიდევ უფრო გაზრდა. ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები – ასოცირების შეთანხმების განხორცილება, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება, მართლმსაჯულებისა და საჯარო სამსახურის შემდგომი რეფორმირება იქნება.

შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა და გაანალიზება, კონკრეტულად თუ რა რეფორმები განხორციელდა და რომელი სფეროების მოდერნიზება მოხდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რეფორმები ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში განხორციელდა. თუმცა ეს რეფორმები სხვადასხვა სფეროში განსხვავებული ინტენსივობით ხასიათდება. იყო პერიოდი, როცა რეფორმების ტემპი კლებულობდა, ან იმ მიმართულებით არ ხორციელდებოდა, რაც ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. თუმცა საერთო ჯამში, განხორციელებული რეფორმების წყალობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც ადეკვატურად აისახა ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობების ინტენსიფიკაციით.

ევროკავშირის ინიციატივის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე სახეზეა თანამშრომლობის პოზიტიური შედეგები. კერძოდ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივი განზომილების ფარგლებში, 2010 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, ხოლო 2012 წელს მის შემადგენელ ნაწილზე – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ – დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც 2013 წლის ივლისში დასრულდა. ამჟამად საუბარი ევროკავშირთან უკვე ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაზე მიმდინარეობს, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას ჩაანაცვლებს.

ასევე, 2011 წლიდან ძალაშია სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმიის შესახებ ხელშეკრულებები, რომელთა განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით ევროკავშირმა გასული წლის ივნისიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო. ამჟამად, შესაბამისი სამოქმედო გეგმის სამართლებრივი ნაწილის განხორცილება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მთელ რიგ ცვლილებებს უკავშირდება და რომელიც ეტაპობრივად და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციების თანხლებით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს რუსეთთან კონფლიქტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ომში გადაიზარდა და საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციით დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი, ასევე, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, რასაც მოწმობს მისი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ევროკავშირი აშშ-თან და ეუთოსთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, საქართველოში ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და მოვლინებული ყავს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.

ზემოაღნიშნული სირთულეების მიუხედავად, საქართველო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით. ეკონომიკური, კონკრეტულად კი სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, პროგრესიც კი შეინიშნება, მაგრამ ეს პროგრესი ვერ და არ იქნება საპირწონე საქართველოს უმთავრესი ეროვნული ინტერესებისთვის, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული შეცვლა. ეს მოვლენა – ძალაუფლების დემოკრატიული შეცვლა – ასევე, პირველი ფაქტი იყო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი დემოკრატიული და შესაბამისად, ევროპული ღირებულებების ერთგულია და მტკიცედ მიჰყვება არჩეულ კურსს. დემოკრატიის ეს პროგრესი კიდევ უფრო განმტკიცდა 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც მნიშვნელოვანი პლურალიზმითა და სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს პირობებში მიმდინარეობდა.

დემოკრატიული გზით არჩეულმა მთავრობამ მმართველობის პირველსავე დღეებში დაადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პროდასავლური კურსისადმი ერთგულება და კიდევ უფრო ინტენსიურად შეუდგა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორცილებას და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.

მთავარი ის არის, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მისი ევროპული მისწრაფება. ამის ნათელი დადასტურებაა ის გარემოება, რომ 2013 წლის ივლისში საქართველომ მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუდის შემდეგ დაასრულა მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც, ასევე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებას. ხოლო, ამავე წლის 28-29 ნოემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე მისი პარაფირება მოხდა, რითაც საქართველოს ევროპული კურსის შეუქცევადობის სამართლებრივ საფუძვლებს ჩაეყარა საძირკველი.

ასოცირების შეთანხების განხორციელებით საქართველო, პრაქტიკულად, ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბდება, სადაც დემოკრატიული პროცესები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ძირითადი თავისუფლებები სათანადო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობით. ასოცირების შეთანხმების განხორციელებით ინიცირებული და გაძლიერებული პროგნოზირებადი სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო, ასევე, გაზრდის საქართველოს, როგორც ეკონომიკური პარტნიორის, მიმზიდველობას.

 

საქართველო და ნატო

საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის, განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული მის უსაფრთხოებასთან. აქ არა მარტო თავდაცვისუნარიანობა იგულისხმება, არამედ შიდა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების სფეროები და ა.შ.

სწორედ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარება ყოველთვის საფრთხის წინაშე იდგა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძიება ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში 90-იან წლებში დაიწყო.

ამ მხრივ, პირველი ნაბიჯები გადადგმულ იქნა 1992 წელს საქართველოს ჩართვით ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში. მომდევნო ეტაპზე, 1994 წელს საქართველო ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამას შეუერთდა.

2002 წელს პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე კი საქართველომ ოფიციალურად განაცხადა ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ.

2003 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, როგორც ალიანსის პოლიტიკის ნების ჩამოყალიბების, ასევე ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით.

2004 წელს საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) ფარგლებში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი არ არის ალიანსში გაწევრიანების მექანიზმი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანი იყო.

2006 წლიდან საქართველომ ნატოსთან გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგი (ID) დაიწყო, რაც ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანების აუცილებელ კრიტერიუმებს გაეცნო.

საქართველოს ნატოში ინტეგრირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გამართული ნატო-ს სამიტი, სადაც ალიანსის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არაერთხელ იქნა დადასტურებული და განმტკიცებული ნატო-ს მომდევნო სამიტებზე.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ნატო-ს გადაწყვეტილებით, ნატო-საქართველოს კომისია (NGC) შეიქმნა, რომელიც პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს. NGC-ის ფარგლებში ყველა სამუშაო დონეზე რეგულარულად იმართება თემატური კონსულტაციები. ყოველწლიურად 20-ზე მეტი შეხვედრა ტარდება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, დემოკრატიის, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ა.შ. საკითხებზე.

იმავე წლის დეკემბერში, საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის – (ANP) განხორციელების საშუალება მიეცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკის პრაქტიკიდან გამომდინარე, ANP-ს მხოლოდ MAP-ში ჩართული ქვეყნები ახორციელებდნენ. დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სამხედრო რეფორმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება და სხვ. ამ რეფორმების განხორციელება, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და საქართველოს, როგორც თანამედროვე, ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება ხელს უწყობს ქვეყნის ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას. ამჟამად საქართველო ANP-ს მეხუთე ციკლს ახორციელებს.

საქართველო სრულად იყენებს ANP-სა და NGC-ის შესაძლებლობებს, რომლებიც მყარ საფუძველს უქმნის ალიანსს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების – განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2010 წელს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გაიხსნა, რომელიც მოწადინებულია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.

შემდგომ წლებში ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს ისტორიაში პირველად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია.

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2012 წელს გამართულ ჩიკაგოს სამიტზე ქართულმა მხარემ სამიტის ყველა შეხვედრაში (გარდა უშუალოდ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა) მიიღო მონაწილეობა. ჩიკაგოს სამიტის შემდეგ საქართველოს ნატოში ინტეგრაციამ სრულიად ახალი დინამიკა შეიძინა: მოხდა საქართველოს დაჯგუფება ბალკანეთის MAP-ის მქონე ქვეყნებთან. ამ მხრივ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს არის ახალი ფორმატი და პოლიტიკური გზავნილი, რომელმაც გაფართოების კონტექსტში მეტი დინამიკა შექმნა. ხაზი უნდა გაესვას 2013 წლის ივნისში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს. თავისთავად ნიშანდობლივია, რომ ნატოს ასეთი ტიპის ვიზიტები მსგავსი სიხშირით არა-წევრ ქვეყნებში არასდროს გაუმართავს. 2008 წლის შემდგომ, ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტია საქართველოში, რაც ნატო-ს მიერ საქართველოსა და მისი ალიანსში გაწევრიანების სურვილის ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ადასტურებს და ეს არის მხარდაჭერა, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოების, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას.

ამასთან, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი ქვეყანა არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და პირველი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ალიანსის წევრ ქვეყნებში ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში. ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით 2014 წლის შემდეგ ვითანამშრომლოთ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ავღანეთში მიღწეული პროგრესის უზრუნველსაყოფად.

საგულისხმოა, რომ 2015 წელს საქართველო გაწევრიანდება ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ალიანსის მიერ დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობას გულისხმობს.

ბუქარესტის გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც ნატო-მ განაცხადა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, კითხვის ნიშანი აღარ დგას იმასთან დაკავშირებით გავხდებით თუ არა ჩვენ ნატო-ს წევრები, საკითხი დგას, თუ როდის და რა გზით მოხდება ეს.

სწორედ ამასთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი 2014 წელს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე.

 

ალექსი პეტრიაშვილი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი