არჩილ ფრანგიშვილი

ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი დაიბადა 1961 წლის 13 აპრილს,  ქ. თბილისში.

1987 წელს  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდგ          მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტად და საპრობლემო ლაბორატორიის სექტორის გამგედ, კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელად, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2009 წლიდან დღემდე – ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია.

2002-2005 წლებში არჩილ ფრანგიშვილი  საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულია ენერგეტიკის სფეროში, ხოლო 2007 წლიდან დღემდე – საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი.

არჩილ ფრანგიშვილი არის: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი; საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი; გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს წარმომადგენელი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია „ბირთვული კვლევების ცენტრი“-ს ფინანსურ კომიტეტში (ქ.დუბნა, რუსეთის ფედერაცია); საქართველოს წარმომადგენელი სუამ-ის ქვეყნების ნანოტექნოლოგიების განვითარების საბჭოში; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნანოტექნოლოგიების პრობლემების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი; საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

1993 წლიდან  მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით  დაცულია 18 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20 მონოგრაფიის,   11  სახელმძღვანელოსი და 20 პატენტის.

არჩილ ფრანგიშვილს 2012 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების  და ტექნიკის დარგში ბიომეტრიული კომპიუტერული ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისათვის, ხოლო  1990 წელს – საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიკროპროცესორული  ქსელური სტრუქტურების დამუშავებისა და სერიულ წარმოებაში დანერგვისათვის. ის დაჯილდოვებულია: მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის; ღირსების ორდენით და ღირსების მედლით;

2000 წელს მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებული წვლილისათვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მას მიენიჭა საპატიო წოდება _ «მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინერი».