ნინო ბურჯანაძე

ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე.

დაიბადა 1964 წლის 16 ივლის, ქუთაიში. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლისსახელობის ქუთაისის N2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1986 წელს,უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1991 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1991-92 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი, ხოლო 1992-95 წლებში – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერეთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი. 1995 წლიდან გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” სიით. 1995-1998 წლებში იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. იმავე წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1998-99 წლებში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. 1998 წელს აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებლად, ხოლო 2000 წელს – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად. 1999 წელს კვლავ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” საარჩევნო სიით გახდა პარლამენტის დეპუტატი. 2000-2001 წლებში თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. 1999-2002 წლებში იყო ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2001 წლის ნოემბრიდან იყო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. იმავე პერიოდიდან გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის “ბურჯანაძე – დემოკრატები” შემადგენლობაში და იყოვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე. 2004 წელს კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობაზე იყო 2008 წლის ივნისამდე. 2004 წელს გამოდიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელმაც შეზღუდა პარლამენტის უფლებამოსილებები პრეზიდენტის სასარგებლოდ. 2007 წლის 25 ნოემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე კვლავ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. იყო მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, წამყვანი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მისი წევრი არასდროს ყოფილა.

2008 წლის დეკემბრიდან  პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარეა.

გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მეცნიერული ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორის ერთი მონოგრაფია ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივ საკითხებზე.