ზაზა ალექსიძე | საქართველოს გეოპოლიტიკა და კავკასია

გეოგრაფიული თვალსაზრისით კავკასია ბუნებას თითქოს ერთი სახელმწიფოსათვის შეუქმნია. ისტორიამ კი ინება, რომ ამ ერთიან ბუნებრივ საზღვრებში სამი ეთნიკურად განსახვავებული და მაღალი ცივილიზაციის სახელმწიფო შეექმნა. ამიტომ იყო, რომ გარეშე ძალას, მტერსაც და მოყვარესაც, კავკასია ერთიანად სჭირდებოდა. ამიტომვე იყო, რომ ხან სომხეთი ხან საქართველო და ალბანეთიც კი სხვადასხვა დროს ცვალებადი წარმატებით ცდილობდა კავკასიაში უპირატესობა მოეპოვებინა და საერთო გეოგრაფიული საზღვრები საერთო პოლიტიკურ საზღვრებად ექცია. ეს სიტუაცია საკმარისი საფუძველი იყო, რომ დიდი იმპერიებით გარშემორტყმულ სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს პოლიტიკური ორიენტაცია სხვადასხვა მიმართულებით აეღოთ.

ჩვენ ერთმანეთის მეზობლები ვართ, ყოველ შემთხვევაში, იმ დროიდან მაინც, საიდანაც ისტორიის ათვლა შეგვიძლია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს კულტურაში, ყოფაში, ენისა და ანთროპოლოგიაში იმდენი საერთო, არსებითი ნიშანი დაგროვდა, რომ უცხოს არ შეუძლია ჩვენი ერთმანეთისაგან გარჩევა. უფრო მეტიც, ჩვენ იმდენი გვაქვს საერთო, რომ კავკასიის გარეთ თუ აღმოვჩნდით ერთად, თვითონაც ერთიანად აღვიქვამთ ერთმანეთს. ასე ჩამოაყალიბა ისტორიამ კავკასიური ერთობა (ჩვენ), გარეშე სამყაროსაგან (ისინი) გასარჩევად.

ამიერკავკასია მდებარეობს ევროპისა და აზიის მიჯნაზე. შესაბამისად, მისი ქვეყნების კულტურა, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცნობიერება არის შედეგი დასავლური და აღმოსავლური კულტურის, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცნობიერების სინთეზისა.

ეს ყველაფერი ისტორიაა, რომელიც უმჭიდროესად არის დაკავშირებული თანამედროვეობასთან. ელექტრონული ჟურნალი “პოლიტიკა” უხმობს ყველას, ამ პრობლემატიკით დაინტერესებულ ისტორიკოსს, პოლიტოლოგს თუ სხვა დარგის სპეციალისტს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ძველი და ახალი, თუ სულაც მუდმივი გეოპოლიტიკური გამოწვევების განხილვაში.

ზაზა ალექსიძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი