გელა სამხარაული – საქართველოს აგრარული პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ისტორიის მანძილზე სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო ეკონომიკის ტრადიციული და მნიშვნელოვანი დარგი. სოფლის მეურნეობაში შემონახულია ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობა: ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები, ცხოველთა აბორიგენული ჯიშები; ვაზის კულტურის ისტორია ხომ მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. დღესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს სწორედ მეღვინეობა წარმოადგენს. ქართული ღვინის წარმოება, მისი დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები აღიარებულია მთელს მსოფლიოში. სოფლის მეურნეობის მდიდარი ტრადიციები და ნაყოფიერი მიწა არაჩვეულებრივი წინაპირობაა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის. თუმცა 90-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა სერიოზული ზიანი მიაყენა სექტორის სამრეწველო-ეკონომიკურ პოტენციალს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს აგრარული სექტორი ხან სრულ სტაგნაციაში იმყოფებოდა და ხანაც უმნიშვნელოდ ვითარდებოდა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებისათვის აგრარული სექტორის განვითარება არ წარმოადგენდა პრიორიტეტს, შესაბამისად, არც სახსრები და არც ყურადღება ეთმობოდა აღნიშნული დარგის განვითარებას. აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიის არარსებობამ, სახელმწიფო პოლიტიკის ფსევდოლიბერალურ საწყისებზე აგებამ, დარეგულირების ბერკეტების სრულმა იგნორირებამ სექტორში პროცესების პრაქტიკულად თვითდინებაზე მიშვება განაპირობა. შედეგად მივიღეთ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების დამუშავებული ფართობებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემცირება, რომელიც დაიწყო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და 2004- 2011 წლებში მკვეთრად გამოხატული დაღმავალი ტენდენცია შეიძინა. საქართველოს სოფლის მეურნეობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა რიგი მნიშვლელოვანი პრობლემებისა, კერძოდ: სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის პოლიტიკური იგნორირება, საერთაშორისო დახმარებების არაეფექტურობა, დაუხვეწავი კანონმდებლობა, დაბალტექნოლოგიური მიწათმოქმედება.

2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის აგრარული სექტორის ხელშეწყობა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას. აღნიშნული პრობლემატიკის მოგვარებისთვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ცდილობს ერთობლივი ძალებით მოახდინოს ქვეყნის გრძელვადიანი აგრარული პოლიტიკის განსაზღვრა და მისი იმპლემენტაცია. 2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც გლეხებმა, ფერმერებმა, აგრარულ სექტორში დასაქმებულმა მეწარმეებმა მიიღეს დახმარება როგორც ფინანსურ-ტექნიკური, ისე განათლების კუთხით.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა აგრარული სექტორის საბიუჯეტო დაფინანსება, რათა დარგის ხელახალი აღორძინების შესაძლებლობები გაჩენილიყო. მაგალითად, 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 267 მლნ. 450 ათასი ლარი, იმდენი, რაც 2008-2011 წლებში ერთად აღებული (შესაბამისად, 70 მლნ 870 ათასი ლარი, 75 მლნ 160 ათასი ლარი, 30 მლნ 640 ათასი ლარი, 85 მლნ 112 ათასი ლარი).

კომიტეტში მუშაობა დაიწყო აგრარულ სექტორში დაგროვილი პრობლემატიკის განსაზღვრითა და მისი მოგვარების საშუალებების ძიებით. მნიშვნელოვანია აღნიშნულ სექტორში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რეფორმების გატარების, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის პოტენციალის სრულად გამოყენების, მისი დარგების აღორძინებისა და დინამიური განვითარების ხელშეწყობა. აგრარულ სექტორში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის კუთხით აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე: სასურსათო უზრუნველყოფის,  სურსათის უვნებლობის, მიწის რესურსების, აგრარული განათლებისა და მეცნიერების, აგრომომსახურებისა და ფერმერთა საკითხებთან დაკავშირებულ კანონმდებლობის შემუშავება. დღევანდელ ეტაპზე აგრარული სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების პროდუქტიულობისა და არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დაბალი დონის ამაღლება, სასურსათო უსაფრთხოებისა და ხარისხის უვნებლობის უზრუნველყოფა, ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება, გლეხებისა და ფერმერებისთვის ახალი ტექნოლოგიური სიახლეებისა და მეცნიერული მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამ მიმართულებით კომიტეტი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივებს, ზედამხედველობს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებას, აკონტროლებს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას.

მინდა, ზოგადად შევეხო იმ პრობლემებს, რომლის მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: მიწის ნაკვეთების მცირე ფრაგმენტაცია, რაც ძალიან ამცირებს რენტაბელობას, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, იაფი კრედიტების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, განათლების დაბალი დონე.

საქართველოში 1992 წელს განხორციელებულმა მიწის რეფორმამ ქვეყანაში შექმნა დაახლოებით 700 ათასზე მეტი მცირე ფერმერული (საოჯახო) მეურნეობა, რომელთა კერძო საკუთრებაში მოქცეულია ქვეყნის 80%-ზე მეტი მიწის ინტენსიური სავარგული. აღნიშნული მეურნეობების საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები საშუალოდ 1 ჰექტარს ოდნავ აღემატება. 2004 წლის სასოფლო- სამეურნეო აღწერის მიხედვით ნახევარ ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს ფლობს დაახლოებით 220 ათასი მეურნეობა, 0,5 ჰექტრიდან 1 ჰექტრამდე სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობს საკუთრებაში ფლობს დაახლოებით 217 000 მეურნეობა, 5-10 ჰექტრამდე მიწის ფართობის მფლობელია დაახლოებით 65 ათასი მეურნეობა, 10-დან 20 ჰექტრამდე მიწის ფართობი აქვთ 2600 მეურნეობას, 50- დან 100 ჰექტრამდე 500 მეურნეობას, და ა.შ საქსტატის მონაცემების თანახმად, მეურნეობათა დაახლოებით 80% სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის, ხოლო 20% – გასაყიდად. საშუალოდ თვიურ შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი საერთო შემოსავლების მხოლოდ 20- 30%-ია. ყოველივე ზემოთ მოტანილი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჩატარებული მიწის რეფორმას წვრილი ნატურალური და ნახევრად ნატურალური გლეხური მეურნეობების შექმნა მოჰყვა. ცხადია, მიწის ასეთი დანაწევრება დამოუკიდებელ, მცირე, კერძო მესაკუთრე ფერმერულ მეურნეობათა შორის ქვეყნის აგრარული სექტორის შემდგომი განვითარებისა და ქართული სოფლის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის არ ქმნის ხელშემწყობ პირობებს, რადგან ცალკე აღებული მცირეფერმერული მეურნეობისათვის თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი წარმოების პროდუქციის დამოუკიდებლად გატანა თითქმის შეუძლებელია, რაც უარყოფითად აისახება ფერმერის ოჯახის შემოსავალზე და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ამასთან, ამ მეურნეობებს არა აქვთ სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მაღალმოსავლიანი ჯიშის, სათესლე მასალისა და შხამკიმიკატების შეძენის საშუალებები, ასევე მოკლებულნი არიან სრულყოფილ სერვისულ მომსახურებას და ა.შ. ამ და სხვას პრობლემებს ეს მეურნეობები ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად წყვეტენ, რის გამოც ვერ აწარმოებენ საჭირო რაოდენობისა და ხარისხის პროდუქციას. დღეს თითოეული აგრომწარმოებელი ერთპიროვნულად ცდილობს მის წინაშე არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას, იქნება ეს მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მომარაგება, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ბაზრის მარკეტინგული შესწავლა თუ სხვა. განვლილმა პერიოდმა დაადასტურა, რომ ასეთი მიდგომით ზარალდება როგორც ინდივიდუალური საქონელმწარმოებელი, ასევე მთლიანად აგრარული სექტორი. ყოველივე აქედან გამომდინარე, შინამეურნეობებისა და დაქუცმაცებული მიწების პირობებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ აუცილილებელ პირობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია წარმოადგენს. სწორედ ამგვარ გაერთიანებებს შეუძლია ქართველი ფერმერების კონკურეტუნარიანობის ამაღლება, შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესება. კოოპერირება საშუალებას აძლევს საოჯახო მეურნეობას, გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული პრობლემები არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად; კოოპერატივებში გაერთიანებით მიაღწიონ მასშტაბის ეფექტს, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება (მხედველობაში გვაქვს წარმოების რესურსების შეძენა საბითუმო ფასებში, საჭირო კრედიტების მოძიების გაზრდა პროდუქციის რეალიზაცია და ა.შ.). ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ბაზის შექმნა დასახა და დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა. 2013 წელს კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა კანონად აქცია კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა. სწორედ მცირემიწიანობის პრობლემის დაძლევა, ნატურალური მეურნეობიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასვლის ხელშეწყობა იყო აღნიშნული კანონის მიღების მთავარი მიზანი.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ახორციელებს კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას, მათ აღრიცხვას, სხვადასხვა ტიპის კოოპერატივების განათლების დონის ამაღლებას და გარკვეული გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. კანონის მიღებიდან მეორე წლისთავზე 1040 კოოპერატივია დარეგისტრირებული. დაიწყო მეორე დონის კოოპერატივების ფორმირება და ამ პროცესს იმედის თვალით ვუყურებთ.

2012 წლიდან დაიწყო და გრძელდება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რაც გააზრებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კონტექსტში და უზრუნველყოფს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ სრულყოფას. წინა წლებში არსებულმა არასრულყოფილმა საკანონმდებლო ბაზამ, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობამ, სახელმწიფო კონტროლის არასაკმარისმა საბიუჯეტო პროგრამულმა დაფინანსებამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის არაეფექტიანობა. სასურსათო უვნებლობა სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ეს საკითხი არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, არამედ უმნიშვნელოვანეს ფასეულობაზე – ადამიანის ჯანმრთელობაზე. აღნიშნულ საკითხზე ჩვენი პოლიტიკა უკომპრომისოა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით“ საქართველოს მთავრობამ უამრავი მნიშვნელოვანი ვალდებულება იკისრა, რაც უკავშირდება საქართველოში პროდუქტის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად წარმოებას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ფართო გზას გაგვიხსნის ევროკავშირის ბაზარზე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ფერმერების ცხოვრების დონეზე. ამ კუთხით შეტანილ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ და მთავრობის ნორმატიულ აქტებში.

პრობლემა, რომელიც გადაულახავ ბარიერად იქცა აგრარულ სექტორში დასაქმებული პირებისათვის, ფინანსური რესურსების „შიმშილია“. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სხვადასხვა პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებს, ისარგებლონ საკრედიტო მომსახურებით, ხოლო მთავრობა გვერდში დაუდგება მათ და დაეხმარება აღებული სესხის უზრუნველყოფასა თუ დაფარვაში. ასე შემუშავდა პროექტები: დანერგე მომავალი, აწარმოე საქართველოში, შეღავათიანი აგროკრედიტი, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და სხვა, სადაც სახელმწიფო მზადაა, დახარჯოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მიზნობრივად ისე, რომ დაეხმაროს ფერმერს არა ერთჯერადი მოსავალის მიღებაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივში ფეხზე დადგომაში, რათა მათ, საბოლოოდ, თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის ფორმირებაში. აგრარული მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, სოფლის მეურნეობა გახდეს მომგებიანი და შემოსავლიანი დარგი როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ქვეყნისათვის. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, აღნიშნული დარგი არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე, არამედ მოხდეს ამა თუ იმ ახალი წარმოების კერძო სახსრებით დაფინანსება, კერძოდ, ამ დარგის დაფინანსებით დაინტერესებულ სხვადასხვა საფინანსო და საბანკო სექტორში იქნეს მოძიებული საჭირო სახსრები. აღსანიშნავია ტენდენცია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სექტორის დამოკიდებულება ბიუჯეტზე თანდათან მცირდება და ნაცვლდება კერძო სექტორის დაფინანსებით, თუმცა არის პრობლემები, რაც უშუალოდ ბიუჯეტის სახსრებს და სახელმწიფოს ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს. აღნიშნული თვალნათლივ ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ სოფლებში არსებულ ინფრასტრუქტურაზე, რაც, თავის მხრივ, იმ არსებით პრობლემას წარმოადგენს, რისი მოგვარებაც სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის, განვითარების პირდაპირპროპორციულია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს ფერმერებისათვის და, ზოგადად, დარგისთვის. შევეცდები, აღნიშნული პრობლემის სიმწვავე სამელიორაციო და სადრენაჟე სისტემების მაგალითზე დავანახო მკითხველს, რაც, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ყოველთვის აქტუალურია. აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატი მოითხოვს ირიგაციის ფართო გამოყენებას, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში საჭიროა ჭარბი წყლის მოცილება სადრენაჟო სისტემების მეშვეობით.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” მეოთხე გამოცემაში