გიორგი ამაშუკელი

საქართველოში წელს ახალი პრაქტიკა დაინერგა- ყოველი წლის ბოლოს გამოვლენილი იქნებაქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერგანხორციელებული საუკეთესო პროექტები და დეები. ,,ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესოპრაქტიკა 2015“ – სწორედ ამ სახელწოდებით გაიმართა 12 დეკემბერს თბილისში კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაგახსნა და რომელზეც სპეციალური კომისიისმიერ შერჩეული 10 საუკეთესო პრაქტიკის მქონემუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა კოლეგებსთავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.როგორ დაიბადა ეს იდეა და, კონკრეტულად, რა მიზანს ისახავს ამ ფორმატის შემოღება საქართველოში, ამის შესახებ თავად იდეის ავტორი და კონფერენციის ორგანიზატორი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი გვესაუბრება.

ბატონო გიორგი, როგორ წარმოიშვა ამ სახის ფორმატის დანერგვის იდეა და რა სიხშირით მოხდება მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა?

როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო პრაქტიკების (BEST PRACTICE) გამოვლენა და გაზიარება აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. ამ პრინციპის საქართველოში დანერგვა ახალ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა იდეებისა და პროექტების მრავალფეროვნებამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტებს აქვთ პოტენციალი არა მარტო იმის, რომ ახალი გამოწვევები მიიღონ, არამედ მზად არიან სხვებსაც გაუზიარონ მათ მიერ დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა.

სწორედ ამიტომ ჩვენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ დადგა დრო, დავნერგოთ ყოველწლიური კონფერენცია – «ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა».

როგორც კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, არ შეუშინდა დეცენტრალიზაციას და ხელისუფლების გადანაწილებას. ჩვენი ხელისუფლების მიერ შემუშავებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საფუძველი ჩაეყარა ადგილობრივი თვითმმართველობის უპრეცედენტო რეფორმას. 2014 წლის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა პირველად აირჩიეს პირდაპირი წესით ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი და მერი.

დეცენტრალიზაცია ანუ საჯარო ხელისუფლების გადაცემა ცენტრიდან ადგილობრივ თვითმმართველობებზე გახლავთ ეფექტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების მართლაც

მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული არაერთი საინტერესო პროექტი, გასხვავებული, ორიგინალური მიდგომები სხვადასხვა პრობლემის თუ გამოწვევის ეფექტურად გადაჭრის მიზნით.

რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მაქსიმალურად ცდილობს რეგიონების განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობას. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2012 წლიდან არაერთი სახელმწიფო პროგრამა წამოიწყო, რომელთა მიზანი სწორედ რეგიონების გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი სახელწიფო პროგრამებია: „აწარმოე საქართველოში“, შეღავათიანი აგროკრედიტი, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია მთის კანონი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის შეღავათებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მთაში საწარმოების გახსნის მსურველთათვის. ეს ყველაფერი კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა და მთიანი რეგიონების დაცარიელებისგან გვიხსნის.

აქვე მსურს აღვნიშნო, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონული განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით და მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. 12 დეკემბრის კონფერენციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

რა პრინციპით მოხდა საუკეთესო პრაქტიკების შერჩევა და იყო თუ არა სხვა საინტერესო იდეებიც, რომლებიც საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდნენ?

ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტს აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ისეთი პროექტები, რომლებიც გამოირჩევიან ახლებური, ორიგინალური მიდგომებით. წელს 70 მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე სპეციალურმა კომისიამ 10 საუკეთესო პრაქტიკა შეარჩია, რომელთა პრეზენტაცია თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა წარადგინეს და კონფერენციის დასასრულს დაჯილდოვდნენ კიდეც. მისასალმებელი იქნება, თუკი ამ გამორჩეულ პრაქტიკებს სხვა მუნიციპალიტეტებიც დანერგავენ.

შეგიძლიათ მოკლედ გაგვაცნოთ, თუ რა სახის პროექტები მოხვდნენ ათ საუკეთესოში?

ვინაიდან 10 საუკეთესო პრაქტიკიდან 2 ქუთაისის მერიას ეკუთვნის, დავიწყებ ქუთაისით. ორიდან ერთ-ერთი არის ქალაქში მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს შემდეგს: კაპიტალური სამუშაოებისა და ექსპლუატაციას დაქვემდებარებული ობიექტების მოვლის კონტროლის მიზნით დაინერგა google/drive სისტემა, რომლითაც ხდება მიმდინარე პროექტების ეფექტური და ოპერატიული მართვა. მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: სპეციალური ჯგუფი ყოველ დღე შემოივლის ქალაქს და ყველა პრობლემას აფიქსირებს პლანშეტის მეშვეობით, რომლის ატვირთვაც ხდება google/drive-ზე ავტომატურად 10 წამიანი სიზუსტით, რის შემდეგაც ყველა შესაბამის სამსახურს აქვს საშუალება და ვალდებულება მოახდინოს პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირება მისი დროულად გადაჭრის მიზნით.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეორე პროექტი კი ქალაქში აღურიცხავი ქონების რეგისტრაციას ითვალისწინებს. უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, 2014 წლიდან მუნიციპალიტეტში დაინერგა ელექტრონული აუქციონების სისტემა მუნიციპალური ქონების განკარგვის მიზნით, რომლის საფუძველზე გაიზარდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ბაზა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსულობების ოდენობა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალი. პარალელურად კი მინიმუმამდე შემცირდა კორუფციული რისკები და შეიქმნა კონკურენტული გარემო.

ახლა კი რაც შეეხება რუსთავის მუნიციპალიტეტის საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ენერგოეფექტურობას შეეხება და რომლის მიზანი 2020 წლისთვის ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ნახშირორჟანგის (CO2-ის) ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებაა. ენერგოეფექტური ღონისძიებების ფარგლებში ამ ეტაპზე ქალაქში ხორციელდება 2 პროექტი: კულტურისა და დასვენების პარკის ენერგოეფექტური განათება და 3 საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტური სისტემების გამოყენებით. ბაღები გათვლილია 900 ბავშვზე. ამ ნაბიჯებით კი, ყველაფერთან ერთად, მცირდება კომუნალური ხარჯებიც.

რუსთავის მუნიციპალიტეტის გარდა საუკეთესო პრაქტიკისთვის ქვემო ქართლის რეგიონიდან კიდევ ერთი – მარნეულის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობისთვის განხორციელებული პროექტებისთვის. კერძოდ კი მუნიციპალიტეტში სასკოლო მზაობის ცენტრებში მიმდინარეობს სკოლამდელი ასაკის (5–6 წლის) 150-მდე არაქართულენოვანი ბავშვის სასკოლოდ მომზადება ქართული ენის ცოდნის ამაღლების მიზნით. სწავლება დაიწყო 2015 წლის ოქტომბრიდან და მოსწავლეთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.

მოგეხსენებათ, მარნეული არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ამიტომაც, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 2014 წლიდან „ერთიანი კავკასიის“ფარგლებში იმართება საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამას სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი). გარდა ამისა, მარნეულში სრულდება თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილი ბიბლიოთეკის მშენებლობა.

ძალიან კარგი სოციალური პროექტი აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რისთვისაც ის 10 საუკეთესო პრაქტიკაში მოხვდა. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 16 უსახლკარო ოჯახის, კერძოდ, 70-მდე ადამიანის, მათ შორის 35 ბავშვის, 4 შშმ პირის, 4 მარჩენალდაკარგულისა და 12 მოხუცის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდა. ამ ოჯახებს მათივე კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ძველი სახლების გვერდით მუნიციპალიტეტმა ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენა. 370 000 ლარით შესაძლებელი

გახდა 16 უსახლკარო ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოგვარება. პროექტის გაგრძელების მიზნით მომავალ წელს იგეგმება საბიუჯეტო სახსრების გაზრდა და დონორების მოზიდვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სოციალურ სფეროში საუკეთესო პრაქტიკებში მოხვდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც, რომელიც შშმ პირებისათვის ყველაზე ადაპტირებულ მუნიციპალიტეტად დასახელდა. მოხდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმპ-ის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და, მათი სოციალიზაციის მიზნით, 2015 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა ძირითადი გზების რეაბილიტაცია და შშმ პირებისთვის ადაპტირება, ასევე დასრულდა 4 ბაღის რეაბილიტაცია და მათი ადაპტირება.

კახეთის რეგიონიდან მეორე მუნიციპალიტეტი, რომელიც კომისიამ საუკეთესო პრაქტიკებში შეარჩია, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტია, რომელიც საგარეო ურთიერთობებისაგან მიღწეული შედეგებისთვის გამოვლინდა. ქალაქი თელავი დაძმობილებულ ქალაქებთან, პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ეწევა, რის შედეგადაც თელავმა 2014-2015 წლებში 1 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სარგებელი მიიღო. 2016 წელს დაგეგმილია 10 000 000 ლარის ღირებულების ღვინის, მინერალური წყლის ექსპორტი. მაგალითისთვის მოვიყვან ამ თანამშრომლობის იმ შედეგს, რომელიც ყველა თელაველისთვის, და არა მარტო თელაველისთვის, ძალიან სასიხარულოა – გერმანიის ქალაქ ბიბერახსა და ქალაქ თელავს შორის თანამშრომლობის შედეგად, გერმანელი ექსპერტის დახმარებით, თელავის ცნობილ 900 წლის ჭადარს 2016 წლის გაზაფხულზე ჩაუტარდება კვლევა-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის საფასურსაც – 35 000 ლარს, გერმანული მხარე გადაიხდის.

ძალიან საინტერესო პროექტები აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობისა და ასევე ტურისტების საინფორმაციო უზრუნველყოფას ისახავს. კონკრეტულად კი გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შექმნა საინფორმაციო ქსელი „ბორჯომი ინფო“, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა სიახლისა და ღონისძიების შესახებ. გარდა ამისა, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა განახორციელა ქალაქის ქუჩებსა და მის გარეუბანში საფეხმავლო ბილიკების მარკირება, რაც საფეხმავლო ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ტურიზმის განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტისთვის, კერძოდ კი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევისთვის, დაჯილდოვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც. 63 სოფლის ტურისტული რესურსის საყოველთაო აღწერის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა ბაზა, გადამზადდა რუსულ-ინგლისურენოვანი გიდები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, მომზადდა ფოტო და ვიდეოინფორმაცია, დაიბეჭდა ფლაერები, გზამკვლევი, ბროშურები და გამოიცა წიგნი სახელწოდებით „ჩოხატაურის ტურისტული პოტენციალი“.

და მეათე საუკეთესო პრაქტიკა ეკუთვნის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, რომლის პროექტი მოიცავს პოლიეთილენის ნარჩენების რეციკლირებასა და გადამუშავებას. პროექტის მიზანია პოლიეთილენის არსებობისა და წვის პროდუქტების შემცირება ბუნებაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის კუთხით და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. კონკრეტულად კი განხორციელდა პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნის სეპარაცია, დამუშავება, დაპრესვა და რეალიზება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიდგა 26 ცალი ალტერნატიული ბუნკერი და დამონტაჟდა მრავალფუნქციური ჰიდრავლიკური პრესი. პროექტის განხორციელებაში ჩაერთო სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საჯარო სკოლები.

აი, ეს არის იმ საუკეთესო პრაქტიკების ათეული, რომელიც წელს დავაჯილდოვეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს კიდევ უფრო მრავალფეროვან და ორიგინალურ პროექტებს გამოვავლენთ.