ლევან ალექსიძე

ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ მთავარი სარედაქციო საბჭოსა და კოლეგიის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დაიბადა 1926 წლის 5 ივლისს ქ. თბილისში.

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

ლევან ალექსიძე “საერთაშორისო სამართლის” პირველი ქართველი მეცნიერია.

1950 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1950 წლის ივლისში მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – “გაეროს უშიშროების საბჭოში მოქმედი ერთხმივობის პრინციპი, როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი”; 1964 წლის აპრილში იცავს სადოქტორო დისერტაციას – “საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში” (საერთაშორისო, სამართლებრივი გამოკვლევა); 1970-1977 წლებში ლევან ალექსიძე მივლინებული იყო ნიუ-იორკსა და ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პასუხისმგებელ მუშაკად; 1975-1976 წლებში – ასრულებდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის, აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის მოვალეობას, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას მის მიერ ორგანიზებულ გაეროს სემინარებზე; 1977 წლიდან დღემდე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია, 1978 წლიდან – სამართლის საფუძვლებისა და საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე. 1985-1992 წლებში თსუ-ს პრორექტორი. 1988 წელს პროფესორ ლევან ალექსიძეს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წლიდან იგი ამავე აკადემიის ნამდვილი წევრია.

1996  წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1986 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიით მეცნიერების დარგში მონოგრაფიისთვის: Некоторые Вопросы Теории Международного Права – Императивные нормы “jus cogens”, Тбилиси, 1982.

პროფესორი ლევან ალექსიძე 150-მდე ნაშრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.