სამეცნიერო ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” აგრარული პოლიტიკის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი ნომრის პრეზენტაცია პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში გაიმართა სამეცნიერო ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” იმ ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს აგრარული პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებს ეხება. შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლა მიულოცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

გელა სამხარაულის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებისათვის აგრარული სექტორის განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბევრი კეთდება, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ სათანადოდ არაა წარმოჩინებული ის მიღწევები, რაც აქვს ქართულ მეცნიერებას, რასაც გეგმავს და ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.ამდენად, მისი თქმით, ამ სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ მიღწევებზე, სამეცნიერო კვლევებზე, რაც მეტად საჭიროა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის.

„ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ და თუ შევადარებთ რა იყო, რა არის დღეს, რა თქმა უნდა პროგრესი სახეზეა, მაგრამ შიდააშლილობას ბევრი ცუდიც მოჰყვა. სამწუხაროდ, ამას შეიწირა ქართული მეცნიერებაც – გაუქმდა ბევრი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გასხვისდა ქონება. მეცნიერება რომ მივიწყებული იყო, ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ სამომავლოდ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს მეცნიერების აღორძინებისათვის, რადგან ცოდნის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მდგრადი განვითარება“, – განაცხადა გელა სამხარაულმა და იმედი გამოთქვა, რომ დარგის ხელახალი აღორძინების შესაძლებლობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს, რისი დასტურიცაა თუნდაც სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა აგრარული სექტორის საბიუჯეტო დაფინანსება. მაგალითად, მხოლოდ 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 267 მლნ. 450 ათასი ლარი, თითქმის იმდენი, რაც 2008-2011 წლებში ერთად აღებული. 

შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ასევე, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟურნალის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარემ როინ მეტრეველმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმით, რომ კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ყურადღება გაემახვილებინათ სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში ჩვენ გავაერთიანეთ ძალები, სადაც ჩართულია უკვე სამეცნიერო მიმართულებები, სამინისტროს ბაზაზეც კი გავაკეთეთ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, რათა მთელი ცოდნა, რომელიც ამ დარგში არსებობდა, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, ვინაიდან მეცნიერული თვალსაზრისით, დარგის გაძლიერება გვჭირდება.
მეცნიერება არის სწორედ დარგის სწორი განვითარების ფუნდამენტი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ და აღნიშნა, რომ მეცნიერთან და კანონმდებლებთან ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო ინტენსიური და მჭიდრო გახდება, რათა კიდევ უფრო მეტი ინოვაციებით გავამდიდროთ ჩვენი სოფლის მეურნეობა და გავხადოთ იგი კონკურენტუნარიანი. თავის გამოსვლაში მან ყურადღება სოფლის მეურნეობის მომავლის რამდენიმე ძირითად აქცენტზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველო უპირველესად სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის ბიოწარმოების, ექსპორტიორად უნდა იქცეს და ქვეყანაში ამის წინაპირობა ნამდვილად არის. ასევე ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ერთიანი სტანდარტები შემუშავდეს და დაინერგოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გასატანი პროდუქციის მიმართ.

დარბაზში შეკრებილთ ასევე მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ და პარლამენტის წევრმა, პროფესორმა გოგი თოფაძემ, რომელთა შეფასებით, აღნიშნული გამოცემა აგრარულ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის უაღრესად დროული და მნიშვნელოვანია. გოგი თოფაძემ სოფლის მეურნეობის სფეროს წინაშე მდგარ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში უსაფრთხო პროდუქციის მიმართ მოთხოვნა საკმაოდ დიდია, საქართველოს შეუძლია ამ მიმართულებით თავისი სიტყვა თქვას. მან იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობა ამ კუთხით შედეგს ნამდვილად გამოიღებს.

დასასრულ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა რამდენიმე მეცნიერს სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო სიგელები გადასცა. დაჯილდოებულთა შორის არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ოთარ ნათიშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

ღონისძიება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და სამეცნიერო ჟურნალის “ქართული პოლიტიკის” რედაქციის მიერ იყო ორგანიზებული. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კანონმდებლები და მეცნიერები, საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები.

010

011

012

013

014

787