საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა

დემოგრაფიული პრობლემები აღიარებულია თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ხუთ გლობალურ პრობლემათა შორის. ასეთ პრობლემებად მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს მიაჩნია: მშვიდობის შენარჩუნება; ყოფილ კოლონიებსა და დამოკიდებულ ქვეყნებში ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა; კაცობრიობის უზრუნველყოფა ენერგიის წყაროებით; გარემოს დაცვა და დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა. მსოფლიო მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპების ფონზე, საწინააღმდეგო ვითარებაა განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: კლებულობს მოსახლეობის რაოდენობა, მეტად არასახარბიელოა დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებელი და სულ უფრო მწვავდება დემოგრაფიული პრობლემები. მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა ბოლო წლებში საოცარი სისწრაფით იზრდება, ტიტულოვანი ერების მოსახლეობის რაოდენობა პირიქით, საგრძნობლად იკლებს.

კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი
კავკასიაში ისტორიულად ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ბალანსი, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში, საგრძნობლად დაირღვა. კავკასიის მოსახლეობის რაოდენობა XX საუკუნეში, მიუხედავად ცალკეულ პერიოდებში უმძიმესი პირობებისა, საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ, 1926-2010 წლებში 7 617 ათასიდან 23 437 ათასამდე და ზრდის ტემპმა 307,7% შეადგინა. მოსახლეობის ზრდა განსაკუთრებით დიდი იყო ჩრდილო კავკასიაში. კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი ძირითადად დაირღვა საქართველოს ხარჯზე. თუ ისტორიულად სამხრეთ და საერთოდ, კავკასიაში ქართველები და საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგში ვითარება არსებითად შეიცვალა. 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1%, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1970 წელს 28,1%, ხოლო 2010 წელს მხოლოდ 18,95% შეადგინა, ანუ კავკასიაში მცხოვრები ყოველი მეექვსე ცხოვრობს საქართველოში. სამაგიეროდ, აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 30,4% – 38,0%-მდე გაიზარდა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევები
2010 წელს გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდმა საქართველოში ჩაატარა კვლევები, რის მიხედვითაც 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება, ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით, ანუ 1 170 000 კაცით მცირდება. კავკასიაში საგრძნობლად ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი. ამ დროისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. USAID-ის მონაცემებით, 232 ქვეყანას შორის საქართველო მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტემპით მე-16-ე ადგილზეა, შობადობით – 174-ზე. საქართველოში 2014 წელს ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება მომდევნო წლის დასაწყისში. მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა 2002 წლის შემდეგ, აქედან გამომდინარე, საერთო მონაცემებში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები.

2015-02-10_161245

საქართველოს დემოგრაფიული ისტორია
ადრეულ საუკუნეებში, კერძოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული უძველესი წერილობითი წყაროებით ცნობილია, რომ მის ზოგიერთ ისტორიულ პროვინციაში მრავალრიცხოვანი ქართველური ტომები ცხოვრობდნენ. საქართველოს მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი მე-XIII საუკუნის პირველ ნახევარში იყო. ამ დროს ჩატარებული აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 8 მილიონ კაცს აღწევდა. ეს იყო შედეგი იმ უძლიერესი მე-12-ე საუკუნის, რომელსაც დავითისა და თამარის მეფობის ხანას უწოდებენ. გამუდმებული შემოსევების შედეგად მე-18 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 8 მილიონიდან 761 ათასამდე შემცირდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ქვეყანაში შავი ჭირის გავრცელების გამო მოსახლეობა თითქმის განახევრდა და 400 ათას კაცს შეადგენდა. ასეთი მცირე რაოდენობით მოსახლეობა საქართველოში მთელი მისი ისტორიის განმავლობაში არასოდეს ყოფილა, ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის საყოველთაო აღწერის შედეგად საქართველოს მოსახლეობა იმდროინდელ საზღვრებში 2 მილიონზე მეტს შეადგენდა, ანუ ერთ საუკუნეში 5-ჯერ გაიზარდა. უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი 1989-1992 წლებში იყო და 5 მილიონ 400 ათასს შეადგენდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობა განუხრელად მცირდება და ბოლო მონაცემებით, 4 მილიონ ნახევარს არ აღემატება. მხოლოდ 2007 წლიდან 2010 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა 20 000-ით გაიზარდა და აქედან 15 000 პატრიარქის ნათლულია. პატრიარქის ინიციატივა გახდა ერთადერთი მიზეზი საქართველოში შობადობის გაზრდის. მიუხედავად ბოლო წლებში შობადობის მცირედი ზრდისა, საქართველოში ბუნებრივი მატება არ შეინიშნება. პირიქით, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები დღითიდღე მწვავდება.

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა
მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობას მიეკუთვნება ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორიც არის: შობადობა და მოკვდაობა. არსებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961 წელს დაიბადა – 104 ათასი. 1960-1990 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 93 ათასი ბავშვი იბადებოდა, ხოლო 1991-2010 წლებში კი – 55 ათასი. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება 135 ათას კაცს შეადგენდა, ხოლო 2006-2010 წლებში ეს მაჩვენებელი 58 ათასამდე შემცირდა. შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა. კერძოდ, 2000-2009 წლებში საქართველოში 502 296 ბავშვი დაიბადა, მაშინ, როდესაც 1960-1969 წლებში ეს მაჩვენებელი 850 908 ბავშვს უდრიდა. ამ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 276 034 კაციდან 448 712 კაცამდე გაიზარდა. შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით, ბოლო წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება 10-ჯერ შემცირდა. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში, შემდეგ გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და კახეთში. სპეციალისტების ცნობით, თუ საგანგებო ზომები არ იქნა მიღებული, უახლოეს 15 წელიწადში რაჭა მთლიანად გაუკაცრიელდება. სხვა რეგიონებთან შედარებით, უმძიმესი მდგომარეობაა ასევე გურიაშიც.

საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებში მთავარი ადგილი უჭირავს შიდა და გარე მიგრაციას.
საქართველოს ტერიტორიის 2/3 მთიანი რეგიონია. მთის პრობლემა დღეს არ დაწყებულა. შიდა მიგრაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო 90-იანი წლებიდან, ანუ ბოლო 20 წლის მანძილზე, მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და დღეს საქართველოს მთას უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები უდგას. მოსახლეობისგან იცლება მთიანი რეგიონები. 2002 წლის ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, 164 სოფელი მთლიანად დაცლილია, ანუ აღარ არსებობს, ხოლო 152 სოფელში 10 და ნაკლები კომლი ცხოვრობს. სავარაუდოდ, ამ 152 სოფლიდან 2002 წლის შემდეგ კიდევ რამდენიმე გაუკაცრიელდა. ამ სოფლების უმეტესობა მთიანი სოფლებია. დემოგრაფიული პრობლემა დღესდღეობით ჩვენი ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემაა. გონიერი პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, მაგრამ ბოლო 20 წლის მანძილზე, ჩვენი უმოქმედობის შედეგად უკვე შეუძლებელია იმ კატასტროფის თავიდან აცილება, რაზეც გაერო მიგვითითებს. ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკით უნდა შევძლოთ მოსახლეობის 28%-იანი კლების საგრძნობი შემცირება. რაჭაში დღეს ყველაზე რთული დემოგრაფიული ვითარებაა, მაგრამ ეს სანახავად კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სათქმელად. პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ მთელი ონის რაიონი ისე გავიარეთ, რომ ბავშვი ვერ ვიპოვეთ თოვლში მოთამაშე. კონკრეტული მონაცემები ამ რეგიონის შესახებ: თუ 1966 წელს მოსწავლეთა რაოდენობა ამბროლაურსა და ონში 8 200 შეადგენდა, 2013 წელს მხოლოდ 1831-ია, ანუ სკოლების რაოდენობა 91- დან 31-მდე შემცირდა. 1989 წლის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობდა 66.740 კაცი, ხოლო 2013 წელს – 46 300. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც. რაც შეეხება ემიგრაციას, საქართველოდან 90- იანი წლების შემდეგ გასულია 1,5 მლნ ადამიანი. 2001 წლიდან დღემდე ქვეყნის შიგნით დაიბადა 630 000 ბავშვი, მაშინ, როდესაც უცხოეთში გაჩნდა 200 000 ქართველი. ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ემიგრაციამ იქონია.

დიმიტრი ხუნდაძე.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დემოგრაფიულ საკითხებში.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” მესამე გამოცემაში