საქართველო და ევროკავშირი: ვილნიუსიდან რიგამდე – პრიორიტეტები და გამოწვევები

მოხარული ვარ მივმართო პატივცემულ აუდიტორიას, დღეს, ეგმონტის სამეფო ინსტიტუტში, ბრიუსელში ჩემი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პირველი ვიზიტის ფარგლებში. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ამ ინსტიტუტს, შესანიშნავი და ამასთან, დროული შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს პრიორიტეტების, პერსპექტივებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ვილნიუსის სამიტიდან რიგის სამიტამდე პერიოდში.

ჩემს ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური მოვლენების ფონზე, აქ ჩამოვედი, რომ გაგიზიაროთ საქართველოს მთავრობის ევროინტეგრაციის დღის წესრიგი. ვისაუბრებ, ასევე, ვილნიუსის სამიტის შემდგომ გამოწვევებზე, და არა მხოლოდ გარე ფაქტორების გათვალისწინებით. და ბოლოს, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს მოლოდინებზე 2015 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ეს არის ეროვნული იდეა, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების ნათელი დემონსტრირება გახლდათ.

ამავდროულად, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ევროპული ინტეგრაცია არის უწყვეტი შიდა პროცესი, რომელიც მასშტაბურ რეფორმებს მოიცავს.

2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ჩვენმა მთავრობამ, ევროინტეგრაციის მიზნისადმი თავისი ერთგულების დასტურად, წამოიწყო და გაატარა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, ბიზნესის მხარდაჭერისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.

საქართველოსთვის 2013 წელი გამორჩეული იყო მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენისა და წარმატების თვალსაზრისით. ნება მიბოძეთ, გამოვყო ექვსი მთავარი მიღწევა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში:

  • უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დემოკრატია კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე გადადის. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი. ამასთან, ქართველმა ხალხმა ცხადჰყო, რომ აღარ შეეგუება განვითარების დემოკრატიული კურსიდან გადახვევას და ვფიქრობ, ეს ქართველი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
  • საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით კიდევ ერთი მიღწევა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის ძალთა ბალანსის დემოკრატიული სისტემა შექმნა. აღმასრულებელ შტოს ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება გადაეცა პარლამენტს, რაც ქვეყანაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერების საწინდარია.
  • გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ხელისუფლების ძალისხმევა თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. სასამართლო თანდათან იბრუნებს ხალხის ნდობასა და პატივისცემას. სამწუხაროდ წარსულში, სასამართლო სისტემა მართლაც დისკრედიტირებული იყო.
  • ამჟამად, ქართული მედია ისეთივე თავისუფალია პოლიტიკური ზეწოლისგან, როგორც ეს ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყნაშია.
  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის უმცირესობათა უფლებების, დაცვა ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების დასკვნით ეტაპზე ვართ. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითხში თომას ჰამერბერგს მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
  • და ბოლოს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადვილია ბიზნესის კეთება, დაცულია საკუთრების უფლება და ბიზნესი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ოპერირებს. მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, გაორმაგდა სოციალური დახმარება, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; ახალი შრომის კოდექსი სრულ შესაბამისობაში იქნა მოყვანილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან; მთავრობა ასრულებს მუშაობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე 2020 წლისათვის, რომლის მიზანია გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზურნველყოფა ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში ეკონომიკა გაიზრდება 5-6 პროცენტით. უფრო ზუსტად რომ ვთქვა 6.3%-ით. უკანასკნელი ორი-სამი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა, ნოემბერ-დეკემბერში 8.1-8.4%-ით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ და ქართველი ხალხის ევროპისაკენ სწრაფვამ შესაძლებელი გახადა, რომ 2013 წელი გამორჩეულად წარმატებული ყოფილიყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში:

  • „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ჩვენ მოვახდინეთ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ამ ნაბიჯით, ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ეტაპი დავიწყეთ. ჩვენთვის ეს შეთანხმება ქვეყნის ევროპეიზაციის „მთავარი გეგმაა“. იგი წარმოადგენს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების ფუნდამენტური წინსვლის საფუძველს და გვიხსნის ეკონომიკური ინტეგრაციის უპრეცედენტო პერსპექტივას. იგი ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ბიზნესის განვითარებისთვის ფართო შესაძლებლოებების გახსნის გზით. იმედს გამოვთქვამ, რომ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებები სათანადოდ გამოიყენებენ ამ ახალ რეალობებს.
  • ვილნიუსის სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გზავნილს. პარალელურად ჩვენი ჩართულობისა NATO-ს ISAF-ის ავღანეთის მისიაში, შეგახსენებთ რომ საქართველო არის NATO-ს არა-წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი, ჩვენი ენთუზიაზმი, შევუერთდეთ ევროპელ პარტნიორებს სამოქალაქო და სამხედრო მისიებში, ასახავს საქართველოს მზაობას, იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის უსაფრთხოების მექანიზმების ბენეფიციარი, არამედ, აგრეთვე, როგორც სანდო პარტნიორმა, წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ძალისხმევაში, მიმართულს მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ მთელს მსოფლიოში.
  • ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი საკანონმდებლო ფაზის დასრულების მიზნით, რაც ევროკომისიის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.

მაშინ როდესაც მივესალმებით ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის თანმდევი გამოწვევები:

ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა საქართველოსთვის უპირველესი პრიორიტეტია. მივესალმებით პრეზიდენტ ბაროზოს და პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდება არა უგვიანეს 2014 წლის აგვისტოში. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ რაც აუცილებელია ამ მიზნის განხორციელებისთვის. თუმცა, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ თვითონ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. როგორც კომისარმა სტეფან ფულემ აღნიშნა მიუნხენის კონფერენციაზე, გვირაბის ბოლოს სინათლე უნდა მოჩანდეს.

მეორე საკითხი, რაზედაც მსურს ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, აღებული ვალდებულებები გარდავსახოთ კონკრეტულ ქმედებებსა და პოლიტიკაში, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ.

მესამე: შეთანხმების ხელმოწერა და მისი დროებითი გამოყენება შექმნის ახალ რეალობებს, რაც, ასევე, გულისხმობს ფართომასშტაბიან და ძვირადღირებულ რეფორმებს, რომელთა განხორციელების ვალდებულებაც აიღო ჩემმა ქვეყანამ. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო რეფორმების დღის წესრიგის შემუშავება, ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, დროულად დავასრულოთ „ასოცირების დღის წესრიგის“ შემუშავება.

ძვირფასო მეგობრებო,

აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მზარდ ზეწოლას განიცდიან რუსეთის ფედერაციისგან, მათი ევროპული მისწრაფებების გადახედვის მიზნით. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შემდგომი პროვოკაციული ქმედებები მოსკოვიდან არ განმეორდება, განსაკუთრებით ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე.

ჩვენ შევინარჩუნებთ სიფხიზლეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს შეთანხმების ხელმოწერა ან განხორციელება. მზად ვართ, გავუძლოთ ნებისმიერ ზეწოლას, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ მორიგ საერთაშორისო ხელშეკრულებას, არამედ საქართველოს ევროპულ მომავალს.

ამავე დროს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გაკვეთილი უნდა იყოს ყველასათვის. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლების ყველა საშუალება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მესამე ქვეყნის ჩარევა ევროკავშირის და მისი აღმოსავლეთ ევროპული მეზობლების ურთიერთობებში. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა და შევიმუშაოთ საერთო პოზიცია, რომელიც ხელს შეუშლის აღმოსავლეთ პარტნიორობის წინააღმდეგ მიმართულ იძულებით ზომებს.

ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპი და თითოეული ქვეყნის უფლება, ეუთო-ს ჰელსინკის დასკვნითი აქტის შესაბამისად, განსაზღვროს და განახორციელოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა.

ქალბატონები და ბატონებო,

წლების განმავლობაში, საქართველო ცდილობს შეამციროს დაძაბულობა რუსეთთან ურთიერთობებში და მე მსურს მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე; ჩვენ თანამიმდევრული ვართ ამ ძალისხმევაში. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვედით ქვეყნის სათავეში, საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, იმისთვის, რომ მოგვეხდინა დაძაბული ურთიერთობების დეესკალაცია, დავიწყეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მოსინჯვა, რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმთავრესი პრინციპის დაცვის პირობებში. მას შემდეგ, რაც ჩვენი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ დავნიშეთ პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიეთ, მაგალითად, ეტაპობრივად გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის; გაუმჯობესდა სატრანსპორტო კავშირები და ინტენსიური გახდა ხალხთა შორის კონტაქტები.

ამავე დროს, გადავწყვიტეთ, რომ არ მოგვეხდინა სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირება და გაგვეგზავნა ჩვენი სპორტსმენები სოჭში. ეს იყო ძალზედ რთული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შევთავაზეთ რუსეთს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა.

მიუხედავად ჩვენი მთავრობის აღნიშნული მცდელობებისა, მოსკოვი მაინც აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავრთულხლართების და ღობეების არალეგალურად აღმართვის გზით ჩვენს ტერიტორიაზე. ველით, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს მცდელობებს საქართველოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით.

ჩვენი მთავრობა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან, ადგილზე არსებული სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

ამ კონტექსტში, მსურს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით: მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს; ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას უაღრესად დიდი დატვირთვა აქვს; ფასდაუდებელია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირება და ევროკავშირის წვლილი ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობაში და მისი აქტიური მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ძვირფასო მეგობრებო,

2014 წელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება: ათი წლის წინ საქართველო შეუერთდა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას. ხუთი წლის წინ ის გახდა ევროკავშირის ინიციატივის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნაწილი.

წელს ხელს მოვაწერთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რაც უნდა გახდეს ევროკავშირთან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ლოგიკური შედეგი. დღეს, ნებისმიერი საფრთხე, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს ემუქრება, ჩვენი საერთო საფრთხეა და მის ასაცილებლად მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი. ეს არ არის უკრაინის პრობლემა, ეს არ არის სომხეთის ან აზერბაიჯანის პრობლემა, ან მოლდოვის. ეს არის ჩვენი საერთო საფრთხე, ჩვენი საერთო პრობლემა.

აღნიშნული აუცილებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ინტენსიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, ისევე როგორც ევროპის თითოეულ დედაქალაქთან, იმისთვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმატებულ ევროპულ პროექტად ვაქციოთ. ჩვენი მოლოდინია, ასევე, რომ ევროკავშირის პოლიტიკა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივასთან მიმართებაში მისი ინტერესების შესაბამისი იქნება.

ჩვენ აგრეთვე მოველით რომ 2014 წელს მოხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განვითარება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. დემოკრატიული რეფორმებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესის გათვალისწინებით, ჩვენ მოველით რომ ნატო სათანადოდ დააფასებს საქართველოს ქმედებებს, ასახავს ამ დაფასებას კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და გადადგამს შემდეგ ნაბიჯს ჩვენი ინტეგრაციისაკენ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ სამიტზე.

საუბრის დასასრულს, მინდა მოკლედ აღვნიშნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის საქართველოს გეგმებისა და მოლოდინების შესახებ:

  • მზად ვართ გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი რეფორმები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების მიხედვით;
  • ასევე მზაობას გამოვთქვამთ, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატიული მიღწევები და კვლავ ვიყოთ რეგიონში წარმატებული დემოკრატიული განვითარების მაგალითი;
  • ველით რომ ხელს მოვაწერთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისისთვის;
  • მზად ვართ ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობისათვის, როგორიცაა „კრეატიული ევროპა“, „ერასმუსი ყველასათვის, „ჰორიზონტი 2020“, და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისათვის;
  • ჩვენი მოლოდინია, რომ დავიწყებთ ასოცირების შესახებ შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების განხორციელებას და გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ. იმედი მაქვს, რომ რიგის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ადრეული შედეგების პოზიტიურად შეფასებას შევძლებთ.
  • ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მივაღწიოთ ევროკომისიის მიერ პოზიტიური რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმების თაობაზე;
  • ველით ტრანსპორტის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ახალი პროექტების განხორციელებას;
  • ველით, რომ გაძლიერდება ევროკავშირის როლი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით და
  • ასევე, ძლიერ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირისგან, დახმარების ახალი ინსტრუმენტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ჩათვლით;

დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ ყოველივეს ხორცშესხმას! ველი, რომ დღეს გვექნება აზრთა კონსტრუქციული ურთიერთგაცვლა იმის თაობაზე, თუ როგორ მივაღწიოთ ამას.

 

გმადლობთ ყურადღებისათვის.

* პრემიერ-მინისტრის მოხსენება ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში, ბრიუსელი, თებერვალი 2014

 

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი