ბიო-სამედიცინო მეცნიერებისა და ჯანმრთელობის კვლევების როლი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში საზოგადოების განვითარების ძირითად წარმმართველ ძალას სხვადასხვა ტექნიკური თუ სამეცნიერო მიღწევა წარმოადგენდა, როგორიცაა ორთქლის ძრავის შექმნა მე-19 საუკუნის დასაწყისში, შემდგომ ფოლადი, მატარებლის მასობრივი შემოსვლა, ქიმია, ელექტრონიკა, პოლიმერები, ავტომობილები და მეოცე საუკუნის ბოლოს – საინფორმაციო ტექნოლოგიები. ექპერტების მოსაზრებით, 21-ე საუკუნის 20-იანი წლებიდან 50-იან წლებამდე მსოფლიოში მეცნიერების და საზოგადოების განვითარების წარმმართველი იქნება ბიო-სამედიცინო მეცნიერება და ბიოტექნოლოგიების განვითარება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პუბლიკაციის „Systems Thinking for Health Systems Strengthening“ (2009) მიხედვით,
21-ე საუკუნეში ჯანმრთელობის სისტემისა და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის გარდამქმნელად მიჩნეულია 4 რევოლუციური მოვლენა:

1. ბიო-სამედიცინო მეცნიერების განვითარება;
2. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება;
3. სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა;
4. სირთულეების დაძლევისთვის სისტემური მიდგომა.

ჯანმოს კლასიკური განმარტების თანახმად, ჯანმრთელობის კვლევები არის ახალი სისტემატიზებული ცოდნისა და ტექნოლოგიების მიღების პროცესი, რომელიც გამოიყენება ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის უთანასწორობის  ემცირებისთვის.

არსებობს მეორე უფრო ვრცელი განმარტებაც, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის კვლევები ანუ მეცნიერება განისაზღვრება, როგორც ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნის პროცესი, რომელიც მოიცავს არა მარტო ბაზისურ კვლევას (ახალი სამკურნალო საშუალებების, ვაქცინების, დიაგნოსტიკური საშუალებების შექმნასა და განვითარებას), არამედ გამოყენებით კვლევებსაც, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობის სისტემებს, სამედიცინო დახმარების ორგანიზაციას და ხელს უწყობს ე.წ. სოციალური თუ ქცევითი მეცნიერებების განვითარებას, რაც ერთობლიობაში ადამიანთა სამედიცინო დახმარებისთვის უკეთესი პირობების შექმნის საშუალებას იძლევა.

ამ განმარტებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ჯანმრთელობის კვლევების ორ ძირითად მიმართულებად დაყოფა:

1. ბაზისური, ანუ სტრატეგიული კვლევები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ახალი და ინოვაციური მიდგომების აღმოჩენა და შესწავლა;
2. გამოყენებითი კვლევები, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ადამიანთა სამედიცინო დახმარება და მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი და ხარჯეფექტური გახდეს.

მსგავსად მეცნიერების სხვა ნებისმიერი დარგისა, ჯანდაცვაში არსებობს ინოვაციების ციკლი, რომელიც ე.წ. 3D პრინციპზე არის
დამყარებული:
1. აღმოჩენა (Discovery);
2. განვითარება (Development);
3. დანერგვა ანუ მიწოდება (Delivery).

იმისათვის, რომ ჯანმრთელობის კვლევები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს, აუცილებელია მოხდეს ამ სამივე პრინციპის გათვალისწინება მომავალი სამეცნიერო მუშაობის დაგეგმვისას, რათა მოხდეს მეცნიერების მიერ შექმნილი ცოდნის ეფექტური მიტანა მოსახლეობამდე. დღეისათვის სხვადასხვა ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ტიპები კვადრატის მოდელზე არის ასახული.

2015-02-10_143636

ზემო ორი კვადრატი წარმოადგენს როგორც საბაზისო, ასევე გამოყენებით კვლევებს, რომლებიც მიმდინარეობს განვითარებულ სამყაროში. დღეს ახალი აღმოჩენები და ინოვაციების 80-85% ხდება განვითარებულ სამყაროში, სადაც უზარმაზარი თანხებია მიმართული კვლევებზე. კვადრატი, რომელიც ეხება საბაზისო კვლევებს, ძირითადად სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, ხოლო გამოყენებითი კვლევების კვადრატი ასახავს კვლევებს, რომელთაც ძირითადად კერძო სექტორი აფინანსებს. აღნიშნული გადანაწილება ეკონომიკური განვითარების მიხედვით ქვეყნების სურათს ასახავს.

ქვემო კვადრატები განვითარებადი სამყაროს სურათს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს როგორც ბაზისურ, ისე გამოყენებით კვლევებს, მაგრამ მათი ხვედრითი წილი საერთო მეცნიერებაში შედარებით მოკრძალებულია. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ბაზისური, ანუ სტრატეგიული, კვლევების განხორციელებას, მათ შორის – ბიო-სამედიცინო კვლევებსაც.

ჯანმრთელობის კვლევებთან დაკავშირებით მექსიკაში გამართულ მინისტერიალზე 2004 წელს მოწოდებული იქნა ჯანმრთელობის კვლევების სისტემის ფუნქციებსა და ძირითად მიზნებს შორის კავშირის სქემა. წარდგენილი ანგარიში, „უკეთესი ჯანმრთელობისთვის მეცნიერების განვითარება“ გულისხმობს სამ სტრატეგიულ მიმართულებას: მეცნიერების სტრატეგიული მართვა; ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზაცია და დაფინანსება. კვლევების მიღწევები ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სამართლიანი სამედიცინო მომსახურების განვითარების საწინდარს უნდა წარმოადგენდეს.

მსოფლიოში ბიო-სამედიცინო მეცნიერებათა განვითარების წარმმართველ ინსტიტუციებს შორის აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების (National Institutes of Health – NIH) სისტემა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სამედიცინო მეცნიერებების მექად, სადაც ხდება უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები და იდგმება ყველაზე დიდი ინოვაციური ნაბიჯები. მსგავს მოდელზეა დამყარებული გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ინსტიტუტთა სისტემაც, თუმცა მისი წვლილი გლობალურ სამეცნიერო ასპარეზზე NIH-თან შედარებით  მოკრძალებულია. დიდი სამეცნიერო ქსელებიდან ასევე აღსანიშნავია საფრანგეთის და იტალიის მსგავსი სამეცნიერო ინსტიტუტების გაერთიანებები, რომელთაც ასევე შეაქვთ წვლილი თანამედროვე ბიო-სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. გერმანიაში ფუნქციონირებს რამდენიმე წამყვანი ინსტიტუტი: მაქს პლანკის გაერთიანება, ფრაუნჰოფერის გაერთიანება, ჰელმჰოლცის გაერთიანება და ა.შ., ასეთივე სისტემა აქვს რუსეთს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სახით და სხვა ქვეყნებს.

21-ე საუკუნის ყოველი ახალი მიდგომა, რომელიც მედიცინაში იქმნება, ძირითადად მოდის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტებიდან, სამედიცინო მეცნიერების ყველა სიახლე ძირითადად NIH-ში ხდება. 2002 წლის შემდეგ ამერიკაში დაიწყო სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის კლება, 60%-ით შემცირდა ბოლო 35 წლის განმავლობაში გულის იშემიური დაავადებითა და ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა. ქრონიკული უუნარობა ანუ უნარშეზღუდულობა ამერიკელებში დაახლოებით 30-40%-ით შემცირდა. 1974 წლიდან დაახლოებით 6 წლით გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ეს მიღწევები განპირობებულია ორი ფაქტორით: აშშ ხარჯავს ყველაზე მეტ თანხას მსოფლიოში ბიო-სამედიცინო მეცნიერების განვითარებისთვის – ერთ სულზე 95-100 აშშ დოლარს და ჯანმრთელობის დასაფინანსებლად – ერთ სულზე 7-8 ათას აშშ დოლარს. სწორედ ბიო-სამედიცინო მეცნიერებისა და გამოყენებითი კვლევების განვითარება განაპირობებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

დღეისათვის ნაციონალური ინსტიტუტების ახალი ხედვა მოიცავს მედიცინის გარდაქმნას მკურნალობიდან პრევენციულ პრინციპებზე, აღმოჩენების საშუალებით მედიცინისა და ჯანმრთელობის ტრანსფორმაციას და ახალი ცოდნის გენერაციას. ახალი ინოვაციები დამყარებულია ბიოინფორმატიკაზე, ბიოტექნოლოგიებზე, პროტეონომიკასა და გენომიკაზე, გენეტიკურ ინჟინერიასა და კლონირებაზე. აღსანიშნავია ე.წ. NBIC (Nanotechnology, Biotechnology, Information technology and Cognitive science) ტექნოლოგიები, რომელიც წარმოადგენს ნანო, ბიო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ქცევითი მეცნიერებების ერთობლიობას.

ამირან გამყრელიძე.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” მესამე გამოცემაში