გურამ ალექსიძე – პესტიციდების უსაფრთხო და რაციონალური გამოყენების…

სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს დიდ ზიანს აყენებს მავნე ორგანიზმები: მწერები, ტკიპები, ლოკოკინები, ნემატოდები, სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, მიკროპლაზმები, სარეველები და სხვა. მათ მიერ გამოწვეული დანაკარგები მინდვრის პირობებში აღწევს პოტენციური მოსავლიანობის 30-35%-ს, სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და პირველადი გადამუშავების პერიოდის ჩათვლით კი – 40-50%-ს. ამიტომ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლა სურსათის წარმოების ზრდის ერთ-ერთი მთავარი რეზერვია და მას ფართოდ მიმართავენ მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისაგან დაცვა ამჟამად წარმოადგენს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელშიც შედის საკარანტინო, ფიზიკური, მექანიკური, აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური, ბიოლოგიური მეთოდები, მცენარეთა ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაცვის საშუალებები.

მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგია ითვალისწინებს ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების განხორციელებას, რომელიც მიმართულია მავნე პოპულაციების რიცხოვნობის შეკავებისაკენ მავნეობის ზღვარს ქვემოთ აგროცენოზის წონასწორობისა და გარემოს უსაფრთხოების ფონზე.

ინტეგრირებულ სისტემებში წამყვანია ქიმიური საშუალებების – პესტიციდების გამოყენება. უკანასკნელ ხანებში, ეკოლოგიური მოთხოვნების გამკაცრების შესაბამისად, საჭირო გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწა გარემოზე პესტიციდების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით.

თუ გადავხედავთ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გამოცემულ მცენარეთა ქიმიური დაცვის სახელმძღვანელოებს, გარდა სპილენძის შენაერთებისა და გოგირდისა, მათში თითქმის ვერ ვნახავთ ამჟამად გამოყენებულ პრეპარატებს. პესტიციდების ასორტიმენტის თითქმის მთლიანი განახლება გამოიწვია მცენარეთა ქიმიური დაცვის მეთოდის უარყოფითი მოვლენების გამოვლინებამ.

პესტიციდების ასორტიმენტის სრულყოფა გულისხმობს ადამიანისა და სხვა თბილსისხლიანებისათვის ძლიერ მოქმედ და მაღალტოქსიკური საშუალებების შეცვლას ნაკლებად ტოქსიკური, მაგრამ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ მაღალეფექტური პრეპარატებით. ხმარებიდან გამოდის მდგრადი პესტიციდები, რომელთაც ახასიათებთ ბიოსფეროში დაგროვება, ადამიანის ორგანიზმში კუმულირება, აგრეთვე ალერგიული, ბლასტომოგენური, ტერატოგენური, ემბრიოტროპული და სხვა არასასურველი თვისებები.

ჯერ კიდევ 1970 წელს სსრ კავშირში შეწყდა დდტ-ს გამოყენება სასოფლო- სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ. ამის მიზეზი იყო დდტ-ს პრეპარატების სისტემატური გამოყენების გამო მათი მნიშვნელოვანი დაგროვება ბიოსფეროში, კუმულაცია ადამიანებისა და სხვა თბილსისხლიანების ცხიმოვან სხეულში, მცენარეთა მავნე ორგანიზმების ბიოცენოლოგიური კავშირების დარღვევა და მწერების ზოგიერთი სახეობის სპეციფიკურად გამძლე რასების ჩამოყალიბება.

70-იანი წლებიდან დაიწყო ფოსფორორგანული ინსექტიციდების ფართო გამოყენება. სხვა ჯგუფის ინსექტიციდებთან შედარებით მათ დიდი უპირატესობა აქვთ: გარდა მწერებისა, მოქმედებენ მავნე ტკიპებზეც, ნაკლებად მდგრადები არიან და არ გროვდებიან გარემოში, არ კუმულირდებიან თბილსისხლიანების ორგანიზმში. ფოსფორორგანული ინსექტიციდები თუმცა მაღალტოქსიკურნი არიან ენტომოფაგებისა და აკარიფაგების მიმართ, მაგრამ ტოქსიკური მოქმედების ხანგრძლივობა მოკლე აქვთ, რის გამოც ამ სასარგებლო ორგანიზმთა რიცხოვნობა მალე უბრუნდება საწყის რაოდენობას, არსებითად არ ირღვევა ბიოცენოლოგიური კავშირები. Mამ ჯგუფის პრეპარატების ასორტიმენტის სრულყოფის მიზნით ხმარებიდან იქნა ამოღებული თბილისისხლიანებისათვის ისეთი მაღალტოქსიკური პრეპარატები, როგორიცაა: თიოფოსი, მეთილეთილ თიოფოსი, მერკაპტოფოსი, ინტრათიონი. მათ ნაცვლად ხმარებაშია ნაკლებად ტოქსიკური – აქტელიკი, მალაფოსი, დინგო და სხვა. კარბამინმჟავას წარმოებულებიდან აიკრძალა პრეპარატი სევინის გამოყენება, სამაგიეროდ ფართოდ გამოიყენება ინსექტიციდი მარშალი, რომელიც აკონტროლებს მრავალი სახეობის მავნე მწერს.

პრაქტიკაში ფართოდ შემოვიდა ინსექტიციდების ახალი ჯგუფი – სინთეზური პირეტროიდები. ისინი გვირილას (პირეტრუმი) მოქმედი საწყისი – პირეტრინების ანალოგებია და ბუნებრივი პირეტრინებისაგან განსხვავდებიან უფრო მაღალი ინსექტიციდური აქტივობით და გარემო ფაქტორებისადმი, პირველ რიგში, მზის ულტრაიისფერი სხივების სპექტრისადმი გამძლეობით. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან: დეცისი, კარატე, რივომეტრინი, ფასტაკი, ფიური და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დეცისის უნიკალური თვისებები. იგი მცენარეთა დაცვის პროდუქტების ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია. იგი მიჩნეულია უნივერსალური თვისებების პრეპარატად. დეცისის საშუალებით შესაძლებელია 300-ზე მეტი კულტურის დაცვა. იგი დარეგისტრირებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. ყოველწლიურად დეცისით მუშავდება საშუალოდ 30 მილიონი ჰექტარი ფართობი. იგი ყველაზე პოპულარულ პრეპარატთა რიცხვს მიეკუთვნება მთელ მსოფლიოში.

პირეტროიდული პრეპარატების გამოჩენა, ისეთის, როგორიც არის დელტამეტრინი (დეცისი), წარმოადგენდა ერთგვარ რევოლუციას მავნე მწერებთან ბრძოლაში. მისი გამოყენებით ინსექტიციდების ხარჯვის ნორმა 1 ჰა-ზე გახდა 100 გრამის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ დროს ფართოდ გამოყენებული ფოსფორორგანული პრეპარატების ნორმისაგან (0,5-1 კგ/ჰა). დეცისის სპეციფიკური თვისებების ერთ- ერთ ფაქტორს წარმოადგენს მისი ქიმიური სისუფთავის მაღალი ხარისხი. იგი შეიცავს ერთადერთ იზომერს, რომელიც არის მაღალეფექტური.

დეცისის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი სწრაფად მოქმედებს მავნე მწერების ნერვულ სისტემაზე.

პირეტროიდების გამოყენების დაწყება წარმოადგენდა მნიშვნელოვან მოვლენას ინსექტიციდების ისტორიაში. მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე პირეტროიდების წილი 15%-ია. 30 წელზე მეტია, დეცისი სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. მიუხედავად ამისა, მისი მწარმოებელი ფირმა `Bაყერ ჩროპსციენცე~ არ წყვეტს კვლევებს მისი ახალი, გაუმჯობესებული ფორმულაციების შექმნის მიზნით; ასეთებია: დეცის ექსპერტი, დეცის ულტრა, დეცის პროფი, დეცის ფლუქსი. დელტამეტრინი გამოიყენება არა მარტო დეცისის შემადგენლობაში, არამედ იგი წარმატებით იხმარება კომბინაციაში სხვა აქტიურ ნივთიერებებთან, როგორიც არის ნეონიკოტინოიდები, თიამეთოქსამები, თიოკლოპრიდები და სხვა. მათი უპირატესობა ის არის, რომ გამოყენების ხარჯვის ნორმები ბევრად ნაკლებია სხვა ჯგუფის პრეპარატებთან შედარებით. ისინი სწრაფად იშლება არატოქსიკურ კომპონენტებად და სწრაფადვე გამოიდევნება ორგანიზმიდან. შეიზღუდა სისტემური ფუნგიციდების ზოგიერთი ჯგუფის, სახელდობრ, ბენზიმიდაზოლის წარმოებულების გამოყენება, გაუმჯობესდა ჰერბიციდების ასორტიმენტი.

შემუშავებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებში პესტიციდების უსაფრთხო და რაციონალური გამოყენების ტოქსიკოლოგიურ- ეკოლოგიური საფუძვლები, რომლებშიც გათვალისწინებულია პესტიციდების გამოყენების რეგლამენტები კონკრეტული აგრობიოცენოზებისათვის და ითვალისწინებს პესტიციდების მიგრაციის და მეტაბოლიზმის პროცესებს. დამუშავებული და აპრობირებულია კულტურების დაცვის ღონისძიებები, რომელთა მიხედვით მნიშვნელოვნად არის შემცირებული ერთ ჰექტარზე შეტანილი პესტიციდების რაოდენობა. პესტიციდების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ვალდებულებების დაცვაა საჭირო. ჩვენს ქვეყანაში მათ სწორ გამოყენებას სპეციალური კანონები და კანონმდებარე აქტები განსაზღვრავენ. საერთაშორისო მასშტაბით პესტიციდების სწორ გამოყენებას განსაზღვრავს სხვადასხვა ხელშეკრულებები, რომელთაგან მნიშვნელოვანია `ფაო~-ს პესტიციდების გამოყენების საერთაშორისო კოდექსი, რომელსაც მრავალ ქვეყანაში იყენებენ, როგორც სახელმძღვანელოს შიდა კანონმდებლობის შესაქმნელად. ქვეყნის შიგნითY მოქმედებს კანონი პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ. ამ სფეროში განსაკუთრებული როლი ენიჭება პესტიციდების სახელმწიფო რეგისტრაციას (კატალოგი), რაც წარმოადგენს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორს.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პესტიციდების გამოყენების სტრატეგია და ტაქტიკა. მავნე ორგანიზმების რიცხობრიობის მიუხედავად, ქიმიური დაცვის საშუალებების სისტემატური გამოყენების ნაცვლად რეკომენდებულია მოსპობითი ღონისძიებების გატარება ზუსტად განსაზღვრულ პირობებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მავნებლის რიცხოვნობა აჭარბებს მავნეობის კრიტერიუმს, ანუ მავნეობის ეკონომიურ ზღვარს, ე.ი. იმ დონეს, როდესაც ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე გაწეული ხარჯები არ აღემატება შენარჩუნებული, უფრო ზუსტად – მავნებლის მიერ განადგურებისაგან გადარჩენილი მოსავლის ღირებულებას. ამასთან, აუცილებელია პესტიციდების გამოყენების შეთანაწყობა ბიოლოგიურ, ბიოტექნიკურ, აგროტექნიკურ და სხვა ხერხებთან და საშუალებებთან შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამით დამკვიდრდა მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენებისადმი ბიოცენოლოგიური მიდგომა – პესტიციდებთან ერთად მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური მტრებისა და სხვა ფაქტორების უფრო ინტენსიური გამოყენებით მიაღწიონ მავნე ორგანიზმების მასობრივი გამოჩენის, გამრავლება- განვითარებისა და გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.

მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებების გეგმიურად და მიზანშეწონილად გამოყენების საფუძვლად, მავნეობის კრიტერიუმთან ერთად, მიღებულია მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და სარეველების გამოჩენისა და გავრცელების პროგნოზი. იგი საშუალებას იძლევა განისაზღვროს იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესების და ნარგავების სახეობები და ფართობები, რომლებზეც საჭიროა ქიმიური ღონისძიებების ჩატარება, აგრეთვე სწორად შეირჩეს პესტიციდები და მათი გამოყენების ოპტიმალური რაოდენობა. აქედან გამომდინარე, გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგნოზის საბოლოო მიზანია სასოფლო- სამეურნეო კულტურების იმ სახეობრივი შედგენილობის განსაზღვრა, რომელთა წინააღმდეგაც მოცემულ მომენტში ან მომავლის ზუსტად განსაზღვრულ კალენდარულ ვადაში საჭიროა ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების ზუსტი ვადის სიგნალიზაცია.

მნიშვნელოვანია მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენების ვადების ისეთნაირად შერჩევა, რომ გათვალისწინებული იქნას მავნე ორგანიზმების მიმღებიანი, ხოლო მისი ბუნებრივი მტრების გამძლე ფაზებში ყოფნის პერიოდი.

უპირატესობა ენიჭება პესტიციდების შერჩევით გამოყენებას. ამის მაგალითია სხვადასხვა კულტურის ნათესების დიდი მასივების ნაპირების დამუშავება. მაგალითად, ცნობილია, რომ გაზაფხულის ბუზი მავნეობს მარცვლეულის ნათესების ნაპირებში, ხოლო მასივების შიგნით მავნებლის რაოდენობა უმნიშვნელოა. ამიტომ მიმართავენ ნაპირების ვიწრო ზოლის შეწამვლას ინსექტიციდებით, ძირითადი ფართობი რჩება შეუწამლავი. იქ მრავლდებიან ენტომოფაგები, რომლებიც შემდგომ ვრცელდებიან მთელ ნაკვეთზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკვეთრად მცირდება გამოსაყენებული პესტიციდების ხარჯვის ნორმები და, შესაბამისად, გარემოს დანაგვიანების საშიშროება, მცირდება დანახარჯები.

მეცნიერულად დასაბუთებული ბრძოლის სქემების მიხედვით ქიმიური პრეპარატები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ბრძოლის სხვა მეთოდებს შედეგი არ მოაქვს. კერძოდ, ხეხილის მავნე ორგანიზმების მიმართ შემუშავებულია ბრძოლის ტაქტიკა, რომელიც ემყარება მათი განვითარების დინამიკას, მავნეობის ეკონომიურ ზღვრებს, რაც წამლობათა რიცხვის ერთიორად შემცირების და ბუნებრივი მტრების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ციტრუსოვან კულტურებზე გავრცელებული მავნებელ-დაავადებების მიმართ ქიმიური, ბიოლოგიური, აგროტექნიკური მეთოდების შერწყმის საფუძველზე შემუშავებულია წამლობათა სქემა, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს წამლობათა რიცხვის შემცირებას.

ვაზის მავნე ორგანიზმების კომპლექსის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი ღონისძიებათა სისტემა ემყარება აგროეკოლოგიური ზონებისა და ქვეზონების ფარგლებში მავნე და სასარგებლო ორგანიზმების განვითარების ურთიერთბალანსის მიღწევას. თანამედროვე, ლაბილური პესტიციდების გამოყენების საფუძველზე წამლობათა რიცხვი 5-მდეა დაყვანილი (ნაცვლად ადრე გამოყენებული 7-8-ისა). პესტიციდების რეგლამენტირებული და დიფერენცირებული გამოყენებით გარემოს დანაგვიანება მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემაში გაუმჯობესებულია პესტიციდების გამოყენების ტექნოლოგია. ნიადაგის და ვეგეტირებულ მასაზე მოქმედი ჰერბიციდების გამოყენების შედეგად გამორიცხულია სარეველების მავნეობა.

მარცვლეული კულტურების ნათესების ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზია სათესლე მასალაზე კონტროლის შესუსტება, თესლის შეწამვლის ღონისძიებების ჩაუტარებლობა, კულტურათა მორიგეობის დარღვევა, აგროტექნიკის ხარვეზებით გამოყენება. თანამედროვე თესლის შესაწამლი პრეპარატები – დივიდენდი, ინდაზოლი, პრესტიჟი, როდოლიტი ამჟღავნებენ ბევრად მაღალ ეფექტურობას და თბილსისხლიანების მიმართ ნაკლებ ტოქსიკურობას.

 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” მეოთხე გამოცემაში