სამეცნიერო ჟურნალის “ქართული პოლიტიკა” პრეზენტაცია პარლამენტში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამეცნიერო ჟურნალის-„ქართული პოლიტიკის“ ნომრის პრეზენტაცია გამართა. დამსწრეთ სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და დამსწრეთ შობა-ახალი წელი მიულოცა.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ იმ აქტუალურ საკითხებში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სამეცნიერო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ მეცნიერულ დონეზე მოხდეს იმ აქტუალური საკითხების ანალიზი, შეფასება, იმ პერსპექტივების წარმოდგენა და განხორციელება, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკა სამეცნიერო საზოგადოების გარეშე იქნება წარუმატებელი და ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო ის, რომ ქართულ პოლიტიკას, გარკვეულწილად, ჩამოცილებული იყო საზოგადოება, რომელიც ჩვენს წინაშეა-ვსაუბრობ თქვენზე. მაქვს იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ სწორი ქართული პოლიტიკის მართვას.“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სამეცნიერო ჟურნალ „ქართული პოლიტიკის“ შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა და ჟურნალის მთავარი სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარემ, როინ მეტრეველმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟურნალის სპეციალური ნომერი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას ეძღვნება. მისივე შეფასებით, ჯანდაცვის პოლიტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად როინ მეტრეველმა დემოგრაფიული მდგომარეობა დაასახელა. „საზოგადოებამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, ხელისუფლებასთან ერთად, ამ პრობლემის გადაჭრაში, შეუძლებელია ამ საკითხის მოგვარება. განსაკუთრებით ჩამორჩენილია საქართველოს მთა, სადაც მოსახლეობა დიდი პროცენტითაა შემცირებული“,- აღნიშნა როინ მეტრეველმა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები ჟურნალის ყურადღების ცენტრში იქნება. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ჟურნალი „ქართული პოლიტიკა“ ცალკე ნომრებად გამოიცემა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ მოხსენება „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ამოცანები საქართველოში“ წარმოადგინა. ზაზა სოფრომაძემ სამინისტროს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავარი ამოცანა მოსახლეობისთვის ტერიტორიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაა. „გაცილებით გაიზარდა ტერიტორიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა. პირველ რიგში, თუ ადრე მოსახლეობის ნაწილს არ შეეძლო თავისი სურვილის მიხედვით მიემართა კლინიკისთვის, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას-მიუხედავად ლარის კურსის ვარდნისა, ჩვენ შევძელით ფასების შენარჩუნება სისტემაში, სერვისები არ გაძვირებულა. შევძელით ისიც, რომ არ შემცირდა მომსახურების ხარისხი. უკვე დაახლოებით 1.5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით“,-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მისივე ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოცულობა მომავალ წელსგაიზრდება, გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგმება სამედიცინო დაწესებულებების ტიპირების დოკუმენტის მიღება, რომლის მიხედვითაც დაწესებულებების კლასიფიკაცია მოხდება. „ჩვენ მსგავსი პილოტური პროგრამა პერინატალური სერვისების მხრივ უკვე განვახორციელეთ იმერეთისა და რაჭა-ქვემო სვანეთის რეგიონში და საკმაოდ წარმატებულადაც. რეგიონალიზაციის პროექტის გაფართოების შედეგად, ზუსტად გვეცოდინება, რომელი პაციენტი სად უნდა მიიმართოს და სად რა ტიპის სერვისების მიღება შეეძლება“,- განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად. „პირველადი ჯანდაცვის განვითარება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ორიენტირი მიმდინარე წელს, გაგრძელდება ასევე სოფლის ექიმის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა“,-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს შესაძლებელი გახდება პროგრამაში C ჰეპატიტის შედარებით მსუბუქი ფორმით დაავადებული პაციენტების ჩართვაც. ზაზა სოფრომაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბავშვთა ადრეული განვითარების შეფერხების პრობლემებზე და წლის ბოლოს შესაძლებელი იქნება, მოსახლეობას ახლებურად ჩამოყალიბებული, სტრუქტურიზებული სერვისები მიეწოდოს. სოციალურ საკითხებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს შესაძლებელი გახდება, მოსახლეობის პენსიის ოდენობამ საარსებო მინიმუმს გადააჭარბოს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს დემოგრაფიული ისტორიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი XIII საუკუნის პირველ ნახევარში იყო და 8 მილიონს აღწევდა, ხოლო ბოლო მონაცემებით, 4 მილიონს არ აღემატება. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შობადობა მცირედით გაიზარდა, საქართველოში ბუნებრივი მატება არ შეინიშნება და დემოგრაფიული პრობლემები დღითიდღე მწვავდება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს ბუნებრივი მატება მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით და ამ მხრივ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და კახეთშია. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, თუ საგანგებო ზომები არ იქნა მიღებული, შესაძლოა, უახლოეს 15 წელიწადში რაჭა მოსახლეობის გარეშე დარჩეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, დემოგრაფიული პრობლემების მთავარი მიზეზი შიდა და გარე მიგრაციაა. „მიტოვებულია მთიანი რეგიონები, სასაზღვრო ზოლი, არადა, სასაზღვრო ზოლს მესაზღვრეზე უკეთ სწორედ მოსახლეობა იცავს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვით, 2002 წლის მონაცემებით, 164 სოფელი მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია, ხოლო 152 სოფელში 10 და ნაკლები კომლი ცხოვრობს. მისივე თქმით, დემოგრაფიული პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი აბორტებია, თუმცა, ამ კუთხით,ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, გარკვეული დადებითი დინამიკა შეინიშნება. „2012 წლის მონაცემებით დაფიქსირდა თითქმის 40 ათასი რეგისტრირებული აბორტი და ეს ნიშნავს, რომ დღეში ასზე მეტი აბორტი კეთდებოდა ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა დეპუტატმა.

დიმიტრი ხუნდაძემ 2013-2014 წლებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ და განხორციელებულ ინიციატივებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრას და შემდგომში მათთვის სოციალური პაკეტის მომზადებას ითვალისწინებს, ასევე, კომიტეტი მუშაობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის“ შესახებ კანონპროექტზეც. „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, მთავრობასთან ერთად, აგრძელებს მუშაობას. ვფიქრობ, რომ ასეთი სეგმენტური და სიმპტომური დამოკიდებულება კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი და აქ უნდა იყოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენი კომიტეტი მუშაობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის“ კანონპროექტზე – დამოკიდებულებაა ასეთი, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ვისაც არ აქვს ბიოლოგიურ ოჯახში გაზრდის შესაძლებლობა, იყოს ოჯახურ გარემოში და მისი ფსიქო-ემოციური სტრუქტურა არ იყოს საფრთხის ქვეშ. ჩვენ ველოდებით სტატისტიკურ მონაცემებს და შემდეგ დავიწყებთ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონეთათვის სოციალური პაკეტის მომზადებაზე მუშაობას. მნიშვნელოვანია ის გეგმები, რაც კომიტეტს აქვს დასახული-დაბერების პოლიტიკის დოკუმენტისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტის შექმნა. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ გაეროს მონაცემებით, დღეს ჩვენი ქვეყანა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შობადობის ქვეყანა“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მეცნიერების როლზე ჯანდაცვის სისტემის განვითარების საქმეში ისაუბრა პროფესორმა ქეთევან ნემსაძემ. საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა.

დღესვე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთხი გამოჩენილი ქართველი ექიმი – მაკა ბულეიშვილი, თორნიკე სოლოღაშვილი, დავით გაგუა და ალექსანდრე ბეთანელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და კომიტეტის სახელით, გაწეული საქმიანობისთვის სამედიცინო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

001

002

004

005

006

007

008

009

010

011

012

013

014

787

ვიდეოინფორმაციის ნახვა