კიბო – გლობალური პრობლემა: არსებული სიტუაცია და განვითარების პერსპექტივები

ონკოლოგიური დაავადებები გამოსავალის მიხედვით მძიმე პათოლოგიათა რიცხვს განეკუთვნება და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს
მსოფლიოს მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს 14 მლნ-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება.

ექსპერტთა შეფასებით, მომდევნო ათწლეულებში ონკოლოგიური დაავადებების ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიოს ყველა რეგიონში. უახლოეს ოც წელიწადში მოსალოდნელი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე კიბოს გლობალური მაჩვენებლები უცვლელი რომც დარჩეს, მოსალოდნელია, რომ უკვე 2034 წლისათვის ახალი შემთხვევების რაოდენობა 22 მლნ-ს გადააჭარბებს. ამასთან, თუ განვითარებულ ქვეყნებში, პროფილაქტიკის მაღალი დონის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების ფონზე გამოისახა სიკვდილიანობის ტემპის შენელების ტენდენცია, უახლოეს მომავალში ონკოლოგიური ავადობისა და სიკვდილიანობის მატების მთელი ტვირთი გადავა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე. 2012 წელს ახალი შემთხვევების 57% (8 მლნ), სიკვდილიანობის 65% (5,3 მლნ) და საერთო პრევალენტობის 48% (15,6 მლნ) გამოვლენილ იქნა ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში. 2034 წლისათვის კი მოსალოდნელია, რომ კიბოს ახალი შემთხვევების თითქმის ორი მესამედი სწორედ ასეთ რეგიონებში გამოვლინდება.

მსოფლიოში იზრდება ავთბისებიანი სიმსივნეებით სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც. ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. 2012 წელს ავთვისებიანი სიმსივნის გამო გარდაიცვალა 8,2 მლნ. ადამიანი, რაც საერთო სიკვდილიანობის 13%-ია. ეს მეტია, ვიდრე შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გარდაცვლილთა ერთად აღებული რიცხვი. ექსპერტთა შეფასებით, მოსალოდნელია, რომ კიბოთი განპირობებული სიკვდილიანობა 2034 წლისათვის თითქმის 59%-ით – 13 მილიონამდე გაიზრდება.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:
ფილტვის (1.82 მლნ ახალი შემთხვევა წლიურად)
ძუძუს (1,67 მლნ)
კოლორექტული(1,36 მლნ)
პროსტატის (1,11 მლნ)
კუჭის(0,95 მლნ)
სიკვდილის მიზეზთა მიხედვით წამყვანი ადგილი უჭირავს ფილტვის (1,58 მლნ გარდაცვალების შემთხვევა წელიწადში), ღვიძლის (745 ათასი), კუჭის (723 ათასი), კოლორექტულ (694 ათასი) და ძუძუს (522 ათასი) ავთვისებიან სიმსივნეებს.

სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) კიბოს გავრცელება მაღალია თითქმის მთელ განვითარებულ და განვითარებად სამყაროში, იაპონიის გარდა, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ავსტრალიაში და ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში. ის მერყეობს წელიწადში 67.3-დან 86.3-შემთხვევამდე 100,000 ქალზე. ამასთან შედარებით, მისი სიხშირე დაბალია (>30 100,000 ქალზე) სუბ-საჰარულ აფრიკაში (სამხრეთ აფრიკის გარდა) და აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო ასოცირებულია გენეტიკურ აბერაციებთან, ამ გენების მუტაციები აღინიშნება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეთა მხოლოდ 5-15%-ში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მისი გავრცელების ფართო გეოგრაფიული ვარიაცია არ არის გამოწვეული ამ გენების გავრცელების გეოგრაფიულ ვარიაციასთან.

საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის მიხედვით პირველ ადგილზეა აფრიკის რეგიონი (ინციდენტობა 100,000 ქალზე >145). ყველაზე დაბალი ავადობის მაჩვენებლები ვლინდება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში (ინციდენტობა <8). ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 ქალზე 140-150-ის ფარგლებში ვარირებს დიდ ბრიტანეთისა და ირლანდიაში. მაღალი ავადობით გამოირჩევა ევროპის, რომელსაც მოსდევს ამერიკის რეგიონი (ინციდენტობა 100000 ქალზე >90). ამ ქვეყნებში ძუძუს კიბოს ავადობა თითქმის ორჯერ აღემატება სხვა ქვეყნების ავადობის მაჩვენებლებს.

პროსტატის კიბოს ყველზე მაღალი მაჩვენებლები ვლინდება ამერიკის რეგიონში, ავსტრალიაში (ინციდენტობა 100000 მამაკაცზე – 83-173), რომელსაც მოსდევს ევროპის ქვეყნები (ინციდენტობა 45-83). აღნიშნული ლოკალიზაციის კიბოს ყველზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში – ინდოეთსა და ჩინეთში (ინციდენტობა 1.7-5.3). პროსტატის კიბოს გავრცელების საერთაშორისო განსხვავებების მნიშვნელოვანი წილი სავარაუდოდ ასახავს განსხვავებას დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებში. მაგალითად, PSA-სკრინინგის შემოღებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლის განმავლობაში 2,5-ჯერ გაზარდა პროსტატის კიბოს გამოვლენილ შემთხვევათა რიცხვი.

კუჭის კიბოს გავრცელება ფართოდ ცვალებადობს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით. ასაკის მიხედვით გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება იაპონიაში (77.9 შემთხვევა 100,000 მამაკაცზე და 33.3 შემთხვევა 100,000 ქალზე). შედარებით დაბალია მისი გავრცელების სიხშირე ჩრდილოეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (5.9-9.0 შემთხვევა 100,000 მამაკაცზე, 2.6-5.3 შემთხვევა 100,000 ქალზე). ეტიოლოგიური როლი ენიჭება კვებით ფაქტორებს და Helicobacter Pylory-ს გავრცელებას შორის არსებულ განსხვავებებს რაც, როგორც ცნობილია, გარკვეულ როლს თამაშობს კუჭის კიბოს განვითარებაში. საბედნიეროდ, შეინიშნება კუჭის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის სტაბილური კლების ტენდენცია.

კოლინჯისა და სწორი ნაწლავის კიბო გავრცელებულია უფრო განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე განვითარებადში. გავრცელების სიხშირე ყველაზე მაღალია ავსტრალია/ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში (26.11-45.81 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე). ამის საპირისპიროდ, გავრცელების სიხშირე შედარებით დაბალია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიაში (2.26-8.75 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე). ეს გეოგრაფიული განსხვავებები, სავარაუდოდ, ასახავს გარემო პირობების გავლენას, ძირითადად საკვების თავისებურებებს.

ღვიძლის კიბო. კოლინჯის კიბოსგან განსვავებით, ღვიძლის კიბოს 80% გვხვდება განვითარებად ქვეყვებში. მისი გავრცელება განსაკუთრებით მაღალია ეგვიპტეში, ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში (32.19-35.84 შემთხვევა 100,000 კაცზე), მაშინ, როცა შედარებით დაბალია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ევროპაში (2.74-5.23 შემთხვევა 100,000 კაცზე). მთელს მსოფლიოში ღვიძლის კიბოს განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორებია ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება და აფლატოქსინით დაბინძურებული საკვების გამოყენება. ბავშვებში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრებმა შეამცირა ჰეპატიტის ინფექციის გავრცელება ჩინეთში, კორეაში და დასავლეთ აფრიკაში. მალე გახდება ცნობილი გამოიწვევს თუ არა ეს ღვიძლის კიბოს შემთხვევათა შემცირებას ამ რეგიონებში.

მრავალი სიმსივნის გავრცელება ფართოდ ცვალებადობს გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია გენეტიკური განსხვავებებით, მათ შორის რასობრივი და ეთნიკური განსხვავებებით, ნაწილობრივ – გარემოსა და კვების თავისებურებებით, ანუ ფაქტორებით, რომლებიც შეიძლება პოტენციურად შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, რეგიონული და საერთაშორისო მონაცემების შედგენა გადამწყვეტია სიმსივნის ეტიოლოგიის დასადგენად და სიმსივნეთა გლობალური მიზანმიმართული პრევენციის სტრატეგიების დასაგეგმად.

ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების თავისებურებები საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების შესახებ მიუთითებს, ავთვისებიანი სიმსივნეების რაოდენობა საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, განუხრელად იზრდება. ინციდენტობისა და პრევალენტობის კლება კი, საქართველოში კიბოს რეგისტრის არარსებობის და მონაცემთა შეგროვების პრობლემებს უკავშირდება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (WHO, IARC, GLOBOCAN) აქვეყნებს ავთვისებიან სიმსინეთა გაანგარიშებულ (estimated) მაჩვენებლებს მსოფლიოს ყველა რეგიონის მიხედვით. GLOBOCAN-ის შეფასებით, ჩვენი პოპულაციის ასაკობრივი სტრუქტურისა და ეთნიკური თავისებურებების გათვალისწინებით, 2012 წელს საქართველოში ონკოლოგიური დაავდებების 12 400-მდე ახალი შემთხვევა უნდა ყოფილიყო აღრიცხული, აბსოლუტურ რიცხვებში თითქმის თანაბარზომიერად ქალთა და მამაკაცთა შორის (ქალთა შორის 6100 და მამაკაცთა შორის 6.200 შემთხვეა). ინციდენტობის მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე 181,0 შეადგინა, მამაკაცთა შორის – 207,8, ხოლო ქალთა შორის – 163,7.

კიბოს პრევენცია
პირველადი პრევენცია აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ჯანმრთელობის ხელშეწყობას და პრევენციულ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებულია მართვად რისკის ფაქტორებზე და დაკავშირებულია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასთან, თამბაქოს კონტროლთან, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ფორმირებასთან.

გარემოსა და სამუშაო ადგილებზე არსებული ზოგიერთი ნივთიერება და მაიონიზებელი გამოსხივება ასოცირებულია ონკოლოგიურ დაავადებათა ეტიოლოგიასთან. ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით განპირობებული რისკის ხარისხი დამოკიდებულია ექსპოზიციის დონესა და ხანგრძლივობაზე. რისკს ასევე განსაზღვრავს ასაკი, სქესი და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა. ჰაერში, წყალსა და ნიადაგში არსებულ ქიმიურ კანცეროგენებს ონკოლოგიურ დაავადებათა 1-4% უკავშირდება. ცნობილია 40-ზე მეტი აგენტი, ნივთიერება და ექსპოზიციური ფაქტორი, რომლებსაც პროფესიულ კანცეროგენებად მიიჩნევენ. პროფესიული კანცეროგენები მიზეზობრივად დაკავშირებულია ფილტვის, ხორხის, ცხვირ-ხახის, კანის, შარდის ბუშტის ონკოლოგიურ დაავადებებთან და ლეიკემიასთან. ფილტვის კიბოს შემთხვევათა 10% და ლეიკემიის შემთხვევათა 2% სავარაუდოდ დაკავშირებულია პროფესიულ ფაქტორებთან.

ზოგიერთი ინფექციური აგენტი ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაში მნიშვნელოვან ეტიოლოგიურ როლს ასრულებს. გლობალურად, ღვიძლის კარცინომის შემთხვევათა 52% ჰეპატიტი B-ს ქრონიკულ ინფექციას უკავშირდება; დამატებით, შემთხვევათა 20% დაკავშირებულია ასევე C ჰეპატიტის ვირუსთან. ღვიძლის პირველადი კიბოს პრევენციის რენტაბელურ საშუალებას ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჰეპატიტი B-ს საწინაღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეტანილია გეგმიური აცრების კალენდარში. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომლითაც ყოველწლიურად დაახლოებით 660 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ძირითადი ეთიოლოგიური აგენტია; HPV-ს მხოლოდ ორ გენოტიპთან (მე-16 და 18) დაკავშირებულია გლობალურად გამოვლენილი საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70%. ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია ვირუსის ორივე გენოტიპით (16, 18) გამოწვეული ინფიცირების 95%-ის პრევენცია. საქართველოში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 2012 წლიდან.

დადასტურებულია, რომ ონკოლოგიურ სნეულებათა სულ ცოტა ერთი მესამედის თავიდან აცილება შესაძლებელია მავნე ჩვევების შეცვლის გზით. ქცევის შეცვლა ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული, ის არც რთულ და არც ძვირადღირებულ ინტერვენციას წარმოადგენს, საჭიროებს
საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას და საზოგადოებრივ ჩართულობას. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მნიშვნელოვანი ფაქტორია
კიბოს ინციდენტობის შემცირების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს თამბაქოს მოხმარების ელიმინაციას, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შეზღუდვას, ჯანსაღ კვებას, ფიზიკური აქტივობის გაზრდას, წონის კონტროლს და ა.შ.

ფრიდონ თოდუა
აკადემიკოსი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,
საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

რეზო გაგუა
პროფესორი, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს თორაკალურ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

მარინა მაღლაკელიძე
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კიბოს კონტროლის დარგში,
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” მესამე გამოცემაში