ოთარ დანელია – სოფლის მეურნეობა – სახელმწიფო პრიორიტეტი

ქართველი ხალხის სოფლის მეურნეობაში ჩართულობა მრავალ ათეულ საუკუნეს ითვლის, ამიტომ საქართველო ოდითგანვე აგრარული ქვეყანა იყო და ასეა დღესაც. დროის მიხედვით განსხვავებულია დარგის წინაშე მდგომი ამოცანები და მათი გადაწყვეტის გზები. თანამედროვე ეტაპზე აგროსასურსათო სექტორის წინაშე მდგომ უმნიშვნელოვანეს ამოცანას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარება წარმოადგენს.

2013 წლიდან ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, რომლის მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ისეთი სოციალურ- ეკონომიკური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას. რაც მთავარია, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებით, ჩვენს მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს საშუალება ექნებათ უპასუხონ იმ ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა ჩვენი ქვეყანა. ისინი შეძლებენ აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპას ჩვენთან შედარებით პროდუქციის წარმოების, შენახვისა და ტრანსპორტირების გაცილებით მაღალი სტანდარტები აქვთ და მათი თანდათანობით ათვისების გარეშე, საბოლოო შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაეროსა და მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე საუკუნის 40-50-იან წლებში მსოფლიოში მოსახლეობის მკვეთრი ზრდის და კლიმატის გლობალური დათბობის პირობებში მოსალოდნელია სურსათის მწვავე დეფიციტი, რაც განვითარებულ ქვეყნებს აიძულებთ სერიოზულად გადახედონ თავიანთ აგრარულ პოლიტიკას, ხოლო იმპორტდამოკიდებული ქვეყნები, თუ სწორ ქმედებებს არ განახორციელებენ, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის უახლოესი წლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის განვითარების იმგვარი მოდელის შემუშავება, რომელიც ხელს შუწყობს მოსახლეობის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფას. ასევე, კონკურენტული უპირატესობის მქონე პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების არსებობის მიუხედავად, რაც განპირობებულია საწარმოო სპეციალიზაციის 11 განსხვავებული ზონისა და 49 ტიპის ნიადაგის არსებობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დარგის განვითარების ტემპი საგრძნობლად ჩამორჩებოდა ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების ტემპებს. ეს ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ 2012 წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი, მსოფლიო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, არ განიხილებოდა პრიორიტეტად და შესაბამისად, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები წლების მიხედვით მცირე და ცვალებადი იყო.

ახალმა ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი. რამდენიმეჯერ გაიზარდა სამინისტროს ბიუჯეტი, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამელიორაციო სამუშაოების შესრულებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენასა და მის გამოყენებას, პირუტყვის დაავადებებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიების შექმნას და საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციას. მცირემიწიანი ფერმერების დახმარების პროგრამის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში დამუშავებული მიწების ფართობი, მოიხნა მიწის ისეთი ფართობები, რომლებიც წლების განმავლობაში მიტოვებული და დაუმუშავებელი იყო. გაიზარდა ინტერესი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებზე, კერძოდ ტექნიკის გამოყენებაზე, მაღალინტენსიურ სათესლე მასალაზე, ხარისხიან პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე. სასოფლო- სამეურნეო საქონლის სახით სარგებლის მიღების შესაძლებლობამ სტიმული მისცა აგრარული საცალო ქსელების განვითარებას, როგორც გეოგრაფიული, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით.

2014 წელს სერიოზული ღონისძიებები განხორციელდა კახეთში ყურძნის წარმოების ხელშეწყობისა და რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხა. შედეგად, რთველი წარმატებით განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთო ჯამში გადამუშავდა 124 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 175 მლნ ლარს გადააჭარბა. რთველის პერიოდში ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის და საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების, ასევე, არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბები. 2014 წლის სეზონზე სულ გადამუშავებულია 43 376 ტონა არასტანდარტული ვაშლი, 10 358 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

2014 წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულებამ 3.4 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად შეიქმნა 4.5 მლრდ ლარის ღირებულების პროდუქცია. აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის მთლიანი გამოშვება 10 %-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მონაცემს, რაც ძირითადად გამოწვეულია გადამამუშავებელი სექტორის ზრდით, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13.8 %-ს შეადგენს, პირველადი პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით 5.2 %-ით მაღალია.

2014 წელს აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულება 4.1 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9.7 %-ით აღამატება. აგროსასურსათო სექტორის წილი ქვეყანაში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტში 2014 წლის წინასწარი მონაცემებით 16.5 %-ია.

წინასწარი მონაცემებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, რომელმაც 2014 წელს 19.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 61 %-ით აღემატება.

ქვეყანაში დადებითი ძვრები შეინიშნება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ- იმპორტის მიმართულებით, 2013 წელს დაწყებული სისტემური ღონისძიებების შედეგად, რაც არსებული საგარეო ბაზრების დივერსიფიკაციას და ახალი ბაზრების მოძიების ღონისძიებებს გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის რაოდენობა და ასორტიმენტი. 2014 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 6.7%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქართველოდან ექსპორტირებული იყო 825.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 29%-ია. 2014 წელს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის მიხედვით, სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა 80 ქვეყანასთან. მნიშვნელოვნად გაიზარდა თხილის, სპირტიანი სასმელების, ღვინის, მინერალური წყლების, ციტრუსისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი. შესაბამისი ღონისძიებების თანმიმდევრულად გატარების კვალობაზე, ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც შეეხება ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს იმპორტი გაზრდილია 1.1 %-ით. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში  იმპორტირებული იყო 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. ქვეყნის მთლიან იმპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წონა 15.2% -ს შეადგენს. ძირითადად იმპორტირებულია: ხორბალი (12%), თამბაქო (9%), შინაური ფრინველის ხორცი (6%), შაქარი (5%), სპირტიანი სასმელები (5%), ღორის ხორცი (3%), ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი (3%), საკვები დანამატები (3%), მცენარეული ზეთი (3%), თევზი (2%) და სხვ. 2014 წელს, საქართველოს აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტის მიხედვით სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა 110 ქვეყანასთან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირდა 7.3 %-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით – 37 %-ით.

აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. შესაძლებელი გახდა საბაჟო გადასახადების გარეშე პროდუქციის შეტანა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარზე, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება (დაახლოების შეთანხმებული ვადების შესაბამისად), რომელიც მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და ნორმებთან მაქსიმალურ მიახლოებას.

2012 წლიდან დაიწყო და გრძელდება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა სურსათის უვნებლობის განვითარების სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა, სადაც თანმიმდევრულად არის გაწერილი უახლოეს წლებში შესამუშავებელი კანონმდებლობა, რომელიც გააზრებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კონტექსტში და უზრუნველყოფს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ სრულყოფას.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველოს, საუკეთესო გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს რესურსი გახდეს რეგიონალური ჰაბი, რც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის რეგიონალურ, სავაჭრო, სატრანზიტო ცენტრად ჩამოყალიბებას და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ტენდენციებისა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად ითვლება ქვეყნის დასაქმებული სამუშაო ძალის 52%, საიდანაც 98% თვითდასაქმებულია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სოფლად როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო პროფილის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება, საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარება, ეკონომიკური დივერსიფიკაცია და აგროტურიზმის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ პროდუქციის წარმოების ზრდა უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საკრედიტო და სალიზინგო სისტემების განვითარების, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ფონზე. ამ მიზნით, 2013 წლიდან დაიწყო იაფი აგროკრედიტის პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში დღემდე დაახლოებით 28 500 ბენეფიციარზე გაცემულია 861 მლნ. ლარის ღირეულების სესხი. ქვეყანაში შეიქმნა 119 ახალი გადამამუშავებელი საწარმო. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას, რაც გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის წინსვლას და განვითარებას.

როგორც ცნობილია საქართველოს კლიმატურ-ეკოლოგიური ფაქტორები უნიკალურია უხვი მოსავლისა და მაღალი საგემოვნე თვისებების მქონე ხილის, კენკრის და კაკალნაყოფიანი კულტურების წარმოებისათვის. ქვეყანაში ხილის მოსავლიანობის გაზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ფერმერების დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელია. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ დაიწყო ახალი პროექტი „დანერგე მომავალი“ რომლის მიზანი თანამედროვე ტიპის მაღალეფექტური ბაღების გაშენება, ხეხილის ტიპის სანერგეების და წვეთოვანი სარწყავის სისტემის მოწყობაა.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” მეოთხე გამოცემაში