ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი …

უპირველეს ყოვლისა, მივესალმები სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ დაარსებას.
სასიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი აგრარული მიმართულება ჟურნალის ინტერესთა თვალსაწიერში მოექცა. ეს არცაა
გასაკვირი, რადგან სამიწათმოქმედო საქმიანობის კულტურა და წესი ოდითგანვე გენეტიკურად იყო შერწყმული ჩვენი ხალხის ყოველდღიურ ყოფასთან. ცნობილი ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება უძველესი დროიდან უმთავრესი საზრუნავი იყო როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ისე ქვეყნის უპირველეს
მესვეურთათვის, რადგან სახელმწიფოს ძლიერება ყოველთვის ძლიერ სოფელზე იყო დაფუძნებული. ქართველი გლეხი ზედმიწევნით კარგად ფლობდა სამეურნეო საქმიანობის ყველა ნიუანსს და სწორედ ამის შედეგია ის, რომ კულტურული ვაზის, ხორბლის, ხეხილოვანი და ბოსტნეულ-ბაღჩეული მრავალი კულტურის სამშობლოდ საქართველო ითვლება, საუკუნეების მანძილზე შექმნილ-გამოყვანილი შინაურ ცხოველთა თუ ფრინველთა მთელი რიგი საუკეთესო ჯიშებიც ქართულია და სხვა. ცალკე თემაა ლითონის მოპოვებისა და დამუშავების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რამაც ხელი შეუწყო ხალიბთა ქვეყნის მოწინავე სამიწათმოქმედო
ქვეყნების რიგში ჩაყენებას და უბრწყინვალესი თიკუნიც – „გეორგია“, სწორედ ჩვენთვის სისხლხორცეულად დამახასიათებელი საქმიანობის გამო გვიბოძა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. დღევანდელ დღესაც, როგორც უწინ, როდესაც „თებერვალი დადგება და ხეში წყალი ჩადგება“, მინდვრად გასული ქართველი გლეხი
მიწაზე პირველი ხნულის გავლებისას ზეცას ახედავს და არსთა განმრიგეს ხვავრიელ
მოსავალსა და ოჯახის სიმრთელესთან ერთად ქვეყნის სიკეთესაც შეავედრებს.  ამიტომაცაა ქართული მიწა-წყალი უფლის მიერ ნაკურთხი და იმ მზის სხივებით გაცისკროვნებული, რომელიც დილის ცვარნამნაპკურები ვაზის მტევნებზე კიაფობს და ამიტომაცაა ქართველთა უპირველესი საქმიანობა და თვით ქართველთა მოდგმა
უფლისა და ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინებული. მინდა, გზა დავულოცო და წარმატება ვუსურვო სამეცნიერო ჟურნალს „ქართული პოლიტიკა“ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,
ოთარ ნათიშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,
სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი