სამეცნიერო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ რედაქცია ატარებს ექსპერტთა გამოკითხვას, რომლის მიზანია: წინასწარ შემუშავებული ერთიანი მეთოდიკით, პერმანენტულად მიიღოს საქმის მცოდნე, გამოცდილ პირთა შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ – ეკონომიკური აღმშენებლობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით.
ექსპერტთა შემადგენლობა ყალიბდება: სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში ხანგრძლივად და ნაყოფიერად მომუშავე ავტორიტეტული პირებისაგან; საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ეროვნული უმცირესობების ლიდერთაგან; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მსოფლიოს სხვა ქვეყნების აკადემიების ნამდვილ და საპატიო წევრთაგან, ცნობილ მკვლევართაგან; ავტორიტეტულ სამეცნიერო და შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელთაგან; სახელმწიფო პრემიების ლაურეატთაგან; საქართველოს საპატრიარქოს და სხვა რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენელთაგან; წარჩინებულ ბიზნესმენთაგან, რომლებმაც თავი ისახელეს საერთაშორისო თუ ეროვნულ კონკურსებში გამარჯვებებით; უცხოელ ექსპერტთაგან; საქართველოს, მისი ავტონომიური რესპუბლიკების, დედაქალაქის, ქალაქებისა და რაიონების ,,საპატიო მოქალაქეთაგან’’, ქართული დიასპორების ხელმძღვანელთაგან.
ჟურნალში ,,ქართული პოლიტიკა’’ გამქვეყნებული სტატიების ავტორთაგან და აქტიურ მკითხველთაგან, მათგან, ვინც პერიოდულად მაინც გვეხმიანება და შეფასებას აძლევს ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.
კითხვარის შევსების წესი: იმის გათვალისწინებით, რომ კითხვარი ქვეყანაში სახელმწიფოებრივი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და, ამიტომ, საკმაოდ მოცულობითია, ექსპერტს შეუძლია უპასუხოს როგორც ერთ, ისე რამოდენიმე ან ყველა შეკითხვას. მთავრია ობიექტური შეფასება მიეცეს იმ სფეროში არსებულ მდგომარეობას, რომელსაც ექსპერტი კარგად იცნობს.
ექსპერტთა გამოკითხვა ტარდება ყოველწლიურად, დეკემბრის თვეში, თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. კითხვარი ექსპერტის მიერ ივსება ინტერნეტის გლობალური ქსელის მეშვეობით.
შედეგები: კვლევის შედგები სისტემატურად გამოქვეყნდება ყოველკვარტალურ სამეცნიერო ჟურნალში – ,,ქართული პოლიტიკა’’.