ვლადიმერ პაპავა

ჟურნალის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაიბადა ქალაქ თბილისში, 1955 წლის 25 მარტს. 1972 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის მე-15 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1977 წელს.
1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1978- 1982 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ- მათემატიკური ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი, შემდეგ დასწრებული სწავლების ასპირანტი.
1982 წელს დაბრუნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე.
1991 წელს აირჩიეს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე.
1994 წლის 24 ივნისიდან საქართველოს სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად; ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2000 წლის მაისამდე.
1996-2000 წლებში ვლადიმერ პაპავა იყო პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2000-2001 წლებში- საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.
2000-2005 წლებში – ევროპის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი. 2000 წლიდან დღემდე – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 2003-2005 წლებში – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. იმავე წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის გამგე.
2004 წელს ვლაიმერ პაპავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტში. 2004-2007 წლებში – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2007-2008 წლებში – იმავე კომიტეტის წევრი.

2005-2006 წლებში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. იმავე წლებში ფულბრაიტის პროგრამით მიწვეულ იქნა ვაშინგტონში (აშშ), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გაღრმავებული საერთაშორისო კვლევების ნიცშეს სკოლის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში მკვლევრად.
2008 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2013 -2016 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ვლადიმერ პაპავა არის შემდეგი აკადემიების, საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრი: ეკონომიკური თეორიის მიღწევების საზოგადოება (აშშ, 1990), დანახარჯები-გამოშვების საერთაშორისო ასოციაცია (ავსტრია, 1992), ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია (გაერო, 1994), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია (საქართველო, 1994- 2010), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ, 1995), დასავლეთის საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაცია (აშშ, 1996), მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია (აშშ, 1997), სამეფო ეკონომიკური საზოგადოება (დიდი ბრიტანეთი, 1997), საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოება (აშშ, 1998), ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტი (აშშ, 2006), ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია (აშშ, 2006), ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოება (აშშ, 2006), შედარებითი ეკონომიკური კვლევების ევროპული ასოციაცია (იტალია, 2006), ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია (აშშ, 2006), პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ამერიკის აკადემია (აშშ, 2006).
ვლადიმერ პაპავა წლების განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა მოვალეობას: ჟურნალ “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე“ – ეკონომიკის სერია, მთავარი რედაქტორი (1992-2005), საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ეკონომიკის სექციის თავმჯდომარე (1992-2003), საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭოს წევრი (1993-2003, 2005 წლიდან დღემდე), მსოფლიო ბანკის ალტერნატიული მმართველი (აშშ, 1994-2000), ჟურნალ “გარდამავალი ეკონომიკის პრობლემების” რედკოლეგიის წევრი (აშშ, 1997 წლიდან დღემდე), ჟურნალ “საზოგადოება და ეკონომიკის” რედკოლეგიის წევრი (რუსეთი, 1998 წლიდან დღემდე), ჟურნალ “ცენტრალური აზია და კავკასიის” რედკოლეგიის წევრი (შვედეთი, 2004 წლიდან დღემდე), ჟურნალ “კავკასია და გლობალიზაციის” რედკოლეგიის წევრი (შვედეთი, 2006 წლიდან დღემდე), დემოკრატიული გარდაქმნების პროექტის ტრანსატლანტიკური მმართველი ჯგუფის წევრი, (აშშ, 2006 წლიდან დღემდე), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის და სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის, აბრეშუმის გზის შემსწავლელი პროგრამის ერთობლივი ტრანსატლანტიკური სამეცნიერო ცენტრის ასოცირებული უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (აშშ-შვედეთი, 2006 წლიდან დღემდე).
სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი (პოლონეთი, 2007 წლიდან დღემდე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის თავმჯდომარე (2011 წლიდან დღემდე), საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბიროს – მრჩეველთა საბჭოს – წევრი (2013 წლიდან დღემდე).
მიღებული აქვს შემდეგი სამეცნიერო ჯილდოები: საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემიის ლაურეატი წიგნისათვის “სამრეწველო საწარმოს ორგანიზაცია და დაგეგმვა“ (თანაავტორი გიორგი პაპავა, 1987); მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნაშრომთა ციკლისათვის “მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“ (ავტორთა კოლექტივი, 2004); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მონოგრაფიისთვის აშშ-ში გამოსული მონოგრაფიისათვის “ნეკროეკონომიკა: პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია” (2008).

სრულად – გადასვლა სწავლულ ექსპერტთა რეესტრის გვერდზე